გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მეცნიერებმა შესაძლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან. ახალი კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტულ პრეპარატს შეუძლია დაავადების პროგრესირების შენელება და ტვინში ალცჰაიმერთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცილის შემცირება.
კვლევა პრეპარატ diranersen-ს ეხება - ეს არის ახალი ტიპის თერაპია, რომელიც მიზნად ისახავს ტაუს ცილის გამომუშავების შემცირებას. ტაუ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში გროვდება და ნერვული უჯრედების ფუნქციის დარღვევასთან არის დაკავშირებული.
კვლევა CELIA-ს სახელით ჩატარდა და მასში ადრეული ალცჰაიმერის დაავადების მქონე 416 ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეებს პრეპარატის სხვადასხვა დოზა 18 თვის განმავლობაში უტარდებოდათ.
მკვლევრების ინფორმაციით, diranersen-ის ეფექტი დაავადების მიმდინარეობაზე ყველა შესწავლილ დოზაზე დაფიქსირდა. განსაკუთრებით საინტერესო შედეგები კი 60 მგ დოზის შემთხვევაში მიიღეს. ამ დოზამ კოგნიტიური ფუნქციის გაუარესება პლაცებოსთან შედარებით შეანელა სხვადასხვა შეფასების მეთოდით.
ეს ნიშნავს, რომ პაციენტებში მეხსიერების, აზროვნებისა და სხვა კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების ტემპი შესაძლოა უფრო ნელი იყოს.
როგორ მოქმედებს პრეპარატი?
diranersen-ის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ის უშუალოდ ტაუს ცილის გამომუშავების შემცირებას ცდილობს.
პრეპარატი მიეკუთვნება ე.წ. ანტისენს-ოლიგონუკლეოტიდებს - გენების „დამთრგუნველ“ თერაპიას. მისი მიზანია იმ მექანიზმზე ზემოქმედება, რომელიც ტაუს ცილის წარმოქმნას განაპირობებს. შესაბამისად, მეცნიერები ცდილობენ არა მხოლოდ დაავადების სიმპტომებთან ბრძოლას, არამედ იმ პროცესის შეცვლას, რომელიც ალცჰაიმერის განვითარებას უკავშირდება.
ალცჰაიმერის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების ნაწილი ტვინში ამილოიდურ ცილაზეა მიმართული. ახალი კვლევა კი სხვა მნიშვნელოვან სამიზნეს - ტაუს ცილას ეყრდნობა.
კვლევის ავტორების შეფასებით, CELIA-ს შედეგები ერთ-ერთი ყველაზე დამაიმედებელი მონაცემია იმის დასადასტურებლად, რომ ტაუს პათოლოგიის შემცირებამ შესაძლოა რეალური კლინიკური სარგებელი მოიტანოს. მკვლევრები ახლა პრეპარატის უფრო მასშტაბურ, III ფაზის კვლევაზე გადასვლას გეგმავენ.
მიუხედავად იმედის მომცემი შედეგებისა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ diranersen ჯერ ექსპერიმენტული პრეპარატია და მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების საბოლოოდ დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ამ ეტაპზე საუბარი არ არის ალცჰაიმერის დაავადების განკურნებაზე. კვლევის მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ მეცნიერებმა მიიღეს ახალი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ტაუს ცილის შემცირებამ შესაძლოა დაავადების პროგრესირებაზე გავლენა მოახდინოს.
თუ მომდევნო კვლევებიც ამ შედეგებს დაადასტურებს, მეცნიერებისთვის ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს ალცჰაიმერის ისეთი მკურნალობის შექმნისკენ, რომელიც დაავადების პროგრესირებას უფრო ეფექტურად შეანელებს.