Air Canada-ს ბორტგამცილებლები გაიფიცნენ

ეარ კანადა

კანადის უმსხვილესი ავიაკომპანიის Air Canada-ს ბორტგამცილებლები გაიფიცნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები კონტრაქტების პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩიხში შევიდა.

წინასწარი დათვლებით, გაფიცვა 100 ათასს მგზავრს პრობლემას შეუქმნის. როგორც Reuters-ი იუწყება, ეს არის ავიაკომპანიის თანამშრომლების პირველი გაფიცვა 1985 წლის შემდეგ.

ბორტგამცილებელთა პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ Air Canada მათ ხელფასს ცაში გატარებული საათების მიხედვით უხდის. ბორტგამცილებლებს სურთ, რომ მათ ხელფასი აგრეთვე მიწაზე, რეისებს შორის გატარებული დროის მიხედვითაც გადაუხადონ.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცვის გამო, ტურისტული სეზონის დროს მათ 500 ავიარეისის გაუქმება მოუწევთ.