1758051983
10 წლის ბიჭის ისტორია, რომელმაც შემთხვევით რადიოაქტიური კაფსული იპოვა და სახლში წაიღო

63 წლის წინ მეხიკოში მცხოვრებ ოჯახს მოულოდნელად უჩვეულო სენი შეეყარა, რომელიც სიცხით, დაღლილობითა და ბევრი უცნაური სიმპტომით გამოიხატებოდა. დაავადების გამომწვევ მიზეზს ვერავინ მიაკვლია. დაბინძურებული წყალი ან მოწამლული საკვები სავარაუდო მიზეზებიდან მალევე გამოირიცხა.
სინამდვილეში ეს უცნაური დაავადება მეტალის პატარა კაფსულმა გამოიწვია, რომელიც რადიოაქტიურ მასალას, კობალტ-60-ს, შეიცავდა.
ისტორია 1962 წლის მარტში დაიწყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. როგორც ოჯახის ექიმები ამბობდნენ, ამ სახლში მცირე ზომის ტყვიის კონტეინერი იპოვეს. ამის შემდეგ რადიოაქტივობის წყარო ვიღაცამ ყუთიდან ამოიღო და ეზოში დააგდო, სადაც იგი 10 წლის ბიჭმა იპოვა. მან კობალტ-60-ის კაფსული ჯიბეში ჩაიდო და სახლში შემოიტანა. შარვლის ჯიბიდან კაფსული დედამისმა ამოიღო და სამზარეულოს უჯრაში შეინახა.
მოგვიანებით მათთან ბებია გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ მან შენიშნა პირველმა, რომ კაფსულთან შენახული შუშის ჭიქები გაშავებულიყო. მინის გაშავება რადიაციასთან ექსპოზიციის ერთ-ერთი ნიშანია, თუმცა ოჯახმა ეს არ იცოდა.
გამომძიებლებმა სცადეს დაედგინათ, თუ რა დოზის რადიაცია მიიღო ოჯახმა. ეს საკმაოდ რთული საქმე იყო, რადგან ისინი სახლიდან ხშირად გადიოდნენ. არც იმის განსაზღვრა ყოფილა იოლი, თუ რა რაოდენობის რადიაცია შთანთქა სახლში არსებულმა ნივთებმა. ამ მიზეზების გამო მკვლევრებმა მიღებული რადიაციის დონე მიახლოებით გაზომეს.
აღმოჩნდა, რომ 10 წლის ბიჭს საკმაოდ მაღალი დოზა მიეღო. ეს უმეტესად იმით აიხსნა, რომ კობალტ-60-ს იგი პირდაპირ შეეხო. ამის შემდეგ ბიჭი და თავისი და სამზარეულოს უჯრაში შენახულ რადიოაქტიურ წყაროს ნაკლებად ეხებოდნენ, რადგან უმეტესად ეზოში თამაშობდნენ.
რადიაციის საკმაოდ მაღალი დოზის მიღება მოუწია დედას (თანაც ის ფეხმძიმედ იყო), რადგან საჭმელს თავიდან ძირითადად სწორედ ის ამზადებდა. მოგვიანებით იგი რადიაციის გამო ავად გახდა. ამ პერიოდში სახლის საქმეების კეთება ბებიამ ითავა.
10 წლის ბიჭი რადიაციას პირველი ემსხვერპლა 29 აპრილს. მომხდარის შემდეგ მისი 2 წლის და ძირითადად შინ იყო, რადიაციის წყაროსთან ახლოს. მომდევნო მსხვერპლი დედა აღმოჩნდა, რომელიც ივლისში მოკვდა. სწორედ ამის შემდეგ იპოვეს კაფსული და გადააგდეს. საუბედუროდ, ოჯახის დარჩენილ წევრებს რადიაციის მომაკვდინებელი დოზა უკვე ჰქონდათ მიღებული. 2 წლის გოგო აგვისტოში მოკვდა, ბებია კი — ოქტომბერში.
უბედურ შემთხვევას მხოლოდ მამა გადაურჩა, რომელიც სახლში იშვიათად იყო ხოლმე. მან დაახლოებით 990-იდან 1 200-მდე რადი შთანთქა, რაც ბევრად მცირეა თავისი ვაჟის მიერ შთანთქმულ დოზაზე (4 700-იდან 5 200 რადამდე).
როგორც გაირკვა, კობალტ-60-ის კაფსული ადრე საავადმყოფოს რადიოთერაპიულ დანაყოფს ეკუთვნოდა. მას ადრე კიბოს სამკურნალოდ იყენებდნენ. მეორე მხრივ, დღემდე უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა კაფსული ამ ოჯახის სახლში.