გრანდიოზული კონცერტები სრული ანშლაგით და საახალწლო დღეების შთამბეჭდავი კადრები საქართველოს რეგიონებიდან - 2023 წლის პირველი ფოტოები

ნაძვის ხეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“, ქვეყნის 63 ქალაქში დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა მუნიციპალიტეტში დაიდგა საახალწლო ნაძვის ხე. საქართველოს ყველა ქალაქი თავისი საახალწლო ნაძვის ხეების სილამაზით და განათებებით ამაყობდა. 

საზეიმოდ მორთულ რეგიონებში დღემდე გრძელდება სასიამოვნო განწყობა და შეიძლება ითქვას, სახალისო შეჯიბრებაც კი, რომელი რეგიონი უფრო ლამაზია.

თუმცა, უპირობოდ ყველა იმაზე ვთანხმდებით, რომ ყველა რეგიონი საქართველოა და წელს ჩვენი საქართველო ძალიან ლამაზი და გამორჩეული იყო.

ახლა კი თვალი გადავავლოთ, რამდენიმე რეგიონის ახალი წლის დღეების პროგრამას და ვნახოთ, როგორ აღნიშნეს 2023 წლის შემობრძანება 

 

ქუთაისი

 

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბერს დაიწყო. 31 დეკემბერს კი ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართა.

მოქალაქეებისთვის სცენაზე გამოვიდნენ ჯგუფი „მგზავრები“, „ოჩოს ქოხი“, „ჩვენი კვარტეტი“, ინდირა ჯგერნაია და DJ Zapa .

შობას, 7 იანვარს, ქალაქის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. 13 იანვარს კი მესხიშვილის სახელობის თეატრში ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გენის" კონცერტი ჩატარდება.

 

ვანი

 

სრული ანშლაგით ჩაიარა საახალწლო კონცერტმა ვანის მუნიციპალიტეტში.

საახალწლო დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა შოუბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს, ვანელებისთვის სალომე ბაკურაძემ, მარიტა როხვაძემ, ნუცა თოფურიამ, გუგა მარგველაშვილმა, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა, გიორგი ცხადაძემ, სოფო ბათილაშვილმა, ანა ქურთუბაძემ, ქრისტინე ჯაფარიძემ იმღერეს. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში ქალაქში კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

 

თელავი

 

საახალწლო გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ლეგენდარულმა ანსამბლმა “სუხიშვილები”, ანსამბლმა “პატარა კახი”, “თბილისური კვარტეტი” და “თამადა”. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორია მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები და საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.
პატარების განწყობაზე თოვლის პაპამ და სხვადასხვა ზღაპრის გმირმა იზრუნა.

მათთვის წარმოდგენა გამართა თოჯინების თეატრმა ,,ჟოზემ,, . ახალგაზრდებისთვის კი არაერთი სახალისო თამაში მოეწყო.

7 იანვარს, შობას, ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრევლთან ერთად სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. სადღესასწაულო მსვლელობის დროს შეგროვებული ტკბილეული თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცათ.

 

ლაგოდეხი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება ლაგოდეხში ჯგუფი „რეგიონის“ კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ სკვერში მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა.

აგრეთვე, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, მოეწყო გასართობი სივრცეები და საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.

 

ქობულეთი

 

ახალი წლის დღეების ფარგლებში, ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. აქტივობები ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 

მოეწყო საშობაო ბაზრობა. გაიმართა ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი კვების ობიექტები.
საბავშვო სივრცეებში პატარები საახალწლო სათამაშოების დამზადებას სწავლობდნენ. გასართობი სათამაშო კუთხეებში იმართებოდა სხვადასხვა თამაში და საბავშვო წარმოდგენები.

გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი. ღონისძიება ჯგუფი ‘’გუფი ლენდი ‘’-ს კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.


ახალქალაქი

 

განსაკუთრებული აქცენტი ბავშვებზე გაკეთდა - მათ ანიმატორების დახმარებით მრავალფეროვან წარმოდგენებსა და გასართობ პროგრამებში მონაწილეობა შეეძლოთ

დღის ბოლოს კი სცენაზე თემურ თათარაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი და ჯგუფი "ბანი" ავიდა.

 

 

ხაშური

 

ხაშურში პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკითა და გალა კონცერტით დასრულდა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში, საშობაო ბაზრობაზე მსურველებს ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
საახალწლო ღონისძიებები შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

 

საგარეჯო

 

ახალი წლის დღეები გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნება კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში.

ახალი წლის დღეების აღნიშვნა კახეთში, ყვარლის, სიღნაღისა და ლაგოდეხის შემდეგ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაგრძელდა.

სიღნაღის ნაძვის ხე

 

რუსთავი

 

რუსთავში ღონისძიებები ზღაპრის გმირების და ორკესტრის საზეიმო მსვლელობით დაიწყო.

გაიმართა საბავშვო- გასართობი წარმოდგენებიც, პატარებს კი თოვლის ბაბუამ უმასპინძლა. რუსთაველებს შობა-ახალ წელი ანსამბლმა „ქართული ხმები“ ერთსაათიანი კონცერტით მიულოცა.

რუსთავში ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

 

მარტვილი

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა მარტვილშიც.

საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, მარტვილელების წინაშე სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ნოდარიკო ხუციშვილი და ჯემ სესიის ბენდი წარსდგნენ.

ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობდნენ. მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.

 

ხობი

 

6 იანვარს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში საშობაო კონცერტი გაიმართა.  მანამდე, საახალწლო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობები, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.

 

ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწყო, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.

დღის განმავლობაში იმართებოდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საღამოს კი მაყურებელთა წინაშე ჯგუფი “anik" და ჯგუფი „ოჩოს ქოხი” წარდგნენ. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

მსმენელის წინაშე ანდრია გველესიანი მის ბენდთან ერთად, ქართული და უცხოური სიმღერებით წარდგა. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

ხონი

 

ხონში საახალწლო ნაძვის ხე გრანდიოზული კონცერტის ფონზე აინთო.  მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები დაეთვალიერებინათ, საშობაო ბაზრობაზე ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები შეეძინათ.

ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.
 შეკრებილი მოსახლეობის განწყობაზე იზრუნეს ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.

ხონის დევნილთა დასახლების კლუბში ტრადიციული საშობაო ღონისძიება გაიმართა.  200-მდე აფხაზეთიდან დევნილ პატარას შობა-ახალი წელი ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა მიულოცეს.

 

„საახალწლო დღეები საქართველოში“ ჯერ არ დასრულებულა, წინ, რამდენიმე რეგიონიდან შთამბეჭდავი სანახაობა და გურული კალანდა გელოდებათ...

13 იანვარს თქვენი მასპინძელი ჩოხატაური, ლანჩხუთი, სენაკი და ხელვაჩაური იქნება