თბილისში, თანამედროვე ხელოვნების ახალი მუზეუმის დაპროექტების საერთაშორისო კონკურსში ფრანგულმა კომპანია Wilmotte&Associes Architectes-მა გაიმარჯვა

მიხაილოვის მუზეუმი

თბილისში, თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის დაპროექტების საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი დასრულდა, რომლის სამი ეტაპის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. აღნიშნულ კონკურსში  ფრანგულმა კომპანია Wilmotte&Associes Architectes-მა გაიმარჯვა, რომელიც 2023 წლის ბოლოსათვის  თბილისში თანამედროვე მუზეუმის სამშენებლო პროექტს შეიმუშავებს.

თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრი (მუზეუმი) ქალაქის ისტორიულ უბანში განთავსდება, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე, აღმაშენებლის 58-60 ნომრებში.

ულტრათანამედროვე კომპლექსში ექსპოზიციისათვის გამოყენებული იქნება შალვა ბრეუსის თანამედროვე მხატვრობის პირადი მდიდარი კოლექციაც. შალვა ბრეუსი გახლავთ, აღნიშნული პროექტის ავტორი და ინვესტორი მეცენატი, კოლექციონერი და ბათუმელი ბიზნესმენი.

შალვა ბრეუსი: „ჩვენ ვქმნით თბილისში უნიკალურ სივრცეს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების პრეზენტაციისათვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, კულტურული მემკვიდრეობის გაცვლითი საქმიანობისათვის, თანამშრომლობისათვის მსოფლიოს ისეთ წამყვან ცენტრებთან, როგორიცაა: პომპიდუს ცენტრი, ტეიტი, გუგენჰაიმის ფონდი და ა.შ.

ამავდროულად, ჩვენი მიზანია შევქმნათ მაქსიმალურად თბილი და კომფორტული გარემო, სადაც ადამიანი მთელ დღეს გაატარებს, ერთ სივრცეში მოინახულებს გამოფენას, არტჰაუსფილმებს, საინტერესო წიგნების მაღაზიას, მიიყვანს ბავშვს საგანმანათლებლო ცენტრში, მეგობრებთან ერთად ეწვევა კაფეს, გაისერნებს მუზეუმთან არსებულ პარკში“.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შემქმნელებისათვის მნიშნველოვანია ყოფილი საავადმყოფოს რეკონსტრუქციისადმი ფრთხილი დამოკიდებულება და მისი შემადგენელი ნაგებობების იერსახის შენარჩუნება. Wilmotte&Associes Architectes არის მასშტაბური პროექტების, სამუზეუმო მშენებლობასა და კულტურული ძეგლების რესტავრაციის მიმართულებით უზარმაზარი გამოცდილების მქონე კომპანია.  

ჟან მიშელ ვილმონტი: „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მთავარ პროექტზე თბილისში, ისტორიული უბნის შუაგულში, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს ადგილზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროექტი გახდება ქალაქის ღირსშესანიშნაობა, ძლიერი და ემბლემატური კულტურული ადგილი, რომელიც უმასპინძლებს სხვადასხვა თაობისა და კულტურის წარმომადგენლებს, სადაც მხარს დაუჭერენ კულტურული გამოხატვის ყველა ფორმას. ამ არქიტექტურული გარდასახვის მეშვეობით, მიზნად ვისახავთ, განვახორციელოთ პროექტი საქართველოს არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრში. მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების დონის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი იქნება ბრეუსის უნიკალური კოლექციის საგამოფენო სივრცეც. ის ხელს შეუწყობს კულტურული ცოდნის გაღრმავებას და წაახალისებს ხელოვნების საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას“.

Wilmotte&Associes Architectes სააგენტო დაარდა 1975 წელს, არიქტექტორის, დიზაინერის, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრის ჟან მიშელ ვილმონტის მიერ. სააგენტო აერთიანებს  270 არქიტექტორს და ახორციელებს 100-მდე პროექტს 30-მდე ქვეყანაში. 2010 წლიდან სააგენტო მსოფლიოს 100 საუკეთესო არქიტექტორულ კომპანიათა ნუსხაშია. Wilmotte&Associes Architectes მიერ განხორციელებული პროექტებიდან გამორჩეულია ლუვრის (1987-2008) რეკონსტრუქცია, რენოვაცია და დიზაინი; პარიზის იმპრესიონიზმის მუზეუმის რენოვაცია MUSEE D,ORSE (2008); კატარის ისლამური ხელოვნების მუზეუმის დიზაინი (2008); რეკონსტრუქცია და დიზაინი RIJKSMUSEUM ამსტერდამი, რომელიც ყველაზე მოთხოვნად მუზეუმთა ათეულში შედის და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსების პროცესში, უცხოელ არქიტექტურულ ბიუროებს აქტიურ პარტნიორობას უწევდნენ ქართული არქიტექტურული კოპმანიები. უფრო მეტიც, გამარჯვებული ფრანგული კომპანიის არქიტექტრული პროექტის შექმნაში ქართველი არქიტექტორებიც ჩაერთვებიან. 

მშენებლობა 2024 წლის დასაწყისში დაიწყება და, 5 წლის განმავლობაში, პროექტში ინვესტირებულ იქნება 30 მილიონ ამერიკული დოლარზე მეტი. 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (მუზეუმი) გახსნით თბილისი გახდება მნიშვნელოვანი ლოკაცია მსოფლიოს კულტურულ რუკაზე და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ ხელოვნებათმცოდნეს და მოყვარულს მოიზიდავს. ასევე, იგი საინტერესო კერა იქნება ტურისტებისა და თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. 

თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი: ანდრია ბასილაია: „მოგეხსენებათ, მიხაილოვის საავადმყოფო დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, ისტორიული არეალი არის და თვითონ ისტორიულად დიდი მეხსიერების შენობაა. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩატარდა საერთაშორისო დონის კონკურსი და ასევე, სასიხარულოა, კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ლუვრის  რესტავრაცია. შეიქმნება თანამედროვე ხელოვნების სივრცე, სადაც იქნება განათლების კომპონენტები. სასიხარულოა, რომ იქნება შენარჩუნებული ტერიტორიაზე  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ამ ტერიტორიას რეალურად მიეცემა ახალი სიცოცხლის  შესაძლებლობა. დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება საჯარო ფუნქციის მქონე სივრცე. ეს არის პირდაპირ ინვესტიცია კულტურაში, ახალი კულტურული სივრცე და რა თქმა უნდა, ჩვენს ხელოვანებს ახალ შესაძლებლობას მისცემს. ტურისტული თვალსაზრისით ეს არის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია, სადაც ტურისტული პოტენციალი არსებობს“. 

2022 წლის გაზაფხულზე გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 14-მა წამყვანმა არქიტექტურულმა ბიურომ. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა და გამარჯვებული კომპანია  სამი კრიტერიუმით შეირჩა, რომელსაც Wilmotte&Associes Architectes ფლობს.

სამი მთავარი კრიტერიუმი:

  • გამოცდილება მუზეუმების მშენებლობაში;
  • გამოცდილება ისტორიული მშენებლობის რეკონსტრუქციაში, ჰარმონიზაცია თანამედროვე არექიტექტურასთან;
  • საპარკო ტერიტორიის განვითარება.

არქიტექტურული კონკურსის საერთაშორის ჟიურის წევრები:

შალვა ბრეუსი -  თბილისში, თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის (მუზეუმის) დაფუძნების იდეის ავტორი, ინვესტორი, კოლექციონერი, ბიზნესმენი, საერთაშორისო ფონდ Breus Foundation-ის და კანდინსკის პრემიის დამფუძნებელი.

ანდრია ბასილაია - თბილისის ვიცე მერი, თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი.

პოლ ალეზრაა - Avesta Group დამფუძნებელი და დირექტორი, წამყვანი საერთაშორისო კვალიფიკაციის კონსულტანტი კულტურის სფეროში პროექტების დაგეგმარების და რეალიზების მიმართულებით. მონაწილეობდა ისეთი პროექტების განხოციელებაში, როგორიცაა: ლუვრი, აბუ-დაბი, ლუვრ-ლანი, თანამშრომლობდა პომპიდუს ცენტრთან, დაგეგმარება Marina Bay (სინგაპური), ვენეციის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი Punta Della Dogana და მრავალი სხვა. 

ვალერი ასათიანი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, საერთაშორისო ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI“-ის პრეზიდენტი, საქართველოს კულტურის მინისტრი 1986-1990 და 1995-2000 წლებში. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიების მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარე. 

ვასილ წერეთელი - ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი.