მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. საღამო მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ გახსნა.

„ვაჟა-ფშაველა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქართველი მწერალია. მან საკუთარი შემოქმედებით შეძლო ჩვენი სულიერებისა და იდენტობის გადმოცემა. ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელის აღნიშვნა მწერალთა სახლის ინიციატივით დაიწყო
და, დარწმუნებული ვარ, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებით გაგრძელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩარგალში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და განახლდება მუზეუმი“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მწერალთა სახლში გამართულ საღამოს ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებოდნენ, რომლებმაც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ასევე მათივე ავტორობით შექმნილ წიგნ-ალბომზე - „ვიცანი, ღმერთო, სამყარო - ვაჟა-ფშაველას
ნაკვალევზე“ ისაუბრეს. გამოცემა ვაჟა-ფშაველას შესახებ უცნობ მოგონებებს და მამის შესახებ გულქან რაზიკაშვილის მონათხრობს აერთიანებს.

ღონისძიების ფარგლებში, მწერალთა სახლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის - „შეხვედრა“ წარდგენაც გაიმართა, რომლის ავტორები გიორგი ალიბეგაშვილი, იასუჰირო
კოჯიმა და მამუკა ჭანტურაია არიან. ორენოვან გამოცემაში შედარებული და გაანალიზებულია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და რიუნოსკე აკუტაგავას „სანემონის დანაშაული“.

საღამოზე წარმოდგენილი იყო მხატვარ თემურ ყუბანეიშვილის მიერ ვაჟა-ფშაველას თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.