ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი

საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მერიის, თბილისის მერიისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ტრადიციულად ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომ-ლიკანში“ გაიხსნა.

ფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე, ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი; იუკი სერინო – ვიოლინო; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი; გლორია კამპანერი – ფორტეპიანო; იან-ერიკ გუსტავსიონი – ჩელო; ანა-ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო; სანდრო გეგეჭკორი – ფორტეპიანო; ნელო სალცა – საყვირი; მარიამ მაჩიტიძე – სოპრანო; ნიკოლოზ ვადაჭკორია – საყვირი; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ – პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე, გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი.

21, 23 და 25 აგვისტოს ფესტივალის საკონცერტო საღამოები ქალაქ ბათუმში, დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.

„ქალაქ ბორჯომში ჩატარდა ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გახსნითი კონცერტი, ჩვენი სასიქადულო მუსიკოსის და დიდი ამაგის მქონე ადამიანის, რომელმაც მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ასევე, აღვნიშნავთ მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. სწორედ მისი იდეითა და ორგანიზებით ჩაეყარა საფუძველი ამ ფესტივალს ქალაქ ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთში და ბორჯომს დღეს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, დავსწრებოდი ამ მნიშვნელოვანი ფესტივალის გახსნას“, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, იოსებ ალიბეგაშვილმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა გელაშვილის განცხადებით, დიდი პატივია ტრადიციულად ქალაქ ბორჯომში უმაღლესი დონის ფესტივალის, „ღამის სერენადების“ ჩატარება.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტი მზადაა, ყოველთვის მხარი დაუჭიროს ფესტივალს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, სტუმრებსა და ქართველ და უცხოელ ვირტუოზ მუსიკოსებს აღნიშნული ფესტივალის ჩატარებისათვის“, – აღნიშნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა.

ფესტივალ „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ბორჯომში ფესტივალის გამართვა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია აღდგა.

„ბრწყინვალედ ჩაიარა გახსნითმა კონცერტმა, შესანიშნავად შეასრულეს გამორჩეული პროგრამა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ, სოლისტმა მევიოლინემ, იუკი სერინომ და ფესტივალის საბაზო ორკესტრმა, „საქართველოს ვირტუოზებმა“, პირველმა ვიოლინომ, ლელა მჭედლიძემ. ახლა კი ფესტივალი გადაინაცვლებს ქალაქ ბათუმში, სამი უმნიშვნელოვანესი კონცერტი გველოდება. წლევანდელი ფესტივალი ქალაქ თბილისში საზეიმოდ დაიხურება“, – განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

„პირველად ვარ ქალაქ ბორჯომში, მოხარული ვარ, საოცრად ემოციური წუთებია. მსმენელის ემოციები, რომელიც ჩვენზე გადმოდის, სასწაულია. მიხარია, რომ ასეთი გულთბილი მაყურებელი და მსმენელი გვსტუმრობდა“, – აღნიშნა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერებს შორისაა საქართველოს პირველი არხი.