VIDEO: ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების ვინაობა, რომლებიც ესპანეთში სპეცოპერაციისას აიყვანეს - ახალი დეტალები

ესპანეთში დაკავებულები

მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 23 წევრი დააკავეს.

დღეს "კურიერმა" 23-ვეს ვინაობა ექსკლუზიურად დაადგინა.

ქსელს ერთ-ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ხელმძღვანელობს.

49 წლის დიმიტრი არჩვაძე ესპანეთის დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს. დაკავებულთა შორისაა 33 წლის ნიკო ჯანგავაძე, 34 წლის კონსტანტინე გოგლიძე და 34 წლის ირაკლი ბენიძე. თბილისში, ბრალდებულთა ახლობლების ნაწილმა კამერებთან საუბარი არ ისურვა, ნაწილი კი ადასტურებს, რომ დაკავებულები უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობენ.

მასობრივი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით მადრიდში დაკავებული საქართველოს 23 მოქალაქიდან ხუთი ქალია. მათ საქართველო სხვადასხვა დროს დატოვეს. როგორც ესპანური პრესა წერს, ტრანსნაციონალურ დანაშაულში ყველა ბრალდებულს მკაცრად გაწერილი როლი ჰქონდა. მათი ნაწილი ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა და მძარცველებს სამიზნე ობიექტებზე ინფორმაციას აწვდიდა. ნაწილი სახლთან სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა, უშუალოდ სახლებს კი დაახლოებით 5 კაცისგან შემდგარი დაჯგუფებები ძარცვავდნენ. თბილისი, ბათუმი, ბორჯომი და აბაშა - "კურიერი" დღეს დაკავებულთა ახლობლებთან გასაუბრებას მათ საცხოვრებელ მისამართებზე ცდილობდა, თუმცა ოჯახის წევრების ნაწილმა კითხვებს აგრესიით უპასუხა, ნაწილმა კი ფაქტზე საუბარი საერთოდ არ ისურვა.

ესპანური მედია მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებულ კრიმინალურ დაჯგუფებას ქართულ მაფიად მოიხსენიებს. პრესა წერს, რომ კარგად ორგანიზებული დაჯგუფების უკან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დგას, თუმცა დღეს მისი ვინაობა არ საჯაროვდება. სპეცოპერაციების სერია ქართველ სამართალდამცველებთან კოორდინაციით ჩატარდა.

ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ დედაქალაქის მასშტაბით სპეცოპერაცია სულ შვიდ ლოკაციაზე ჩაატარა. გაჩხრიკეს ის სახლები, სადაც ბრალდებულები ცხოვრობდნენ. ამოღებულია დიდი ოდენობით ფული, 32 ბრენდული საათი, 259 ოქროს ნივთი და სამკაული, 79 ელექტრონული მოწყობილობა, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და ძვირად ღირებული ბრენდული ტანსაცმელი. ესპანეთის პოლიცია გამოძიებას განაგრძობს. ვარაუდობენ, რომ დაკავებების სერია კვლავ გაგრძელდება. შესაძლოა მალე ხელბორკილები ესპანეთში მყოფ რამდენიმე ქართველ კრიმინალურ "ავტორიტეტსაც" დაადონ.