პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სქესობრივი კავშირის იძულება, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - მხოლოდ სამ თვეში სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ამ ბრალდებით 4 პირი დააკავა.
18 წლის გოგოს მძიმე ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. მსხვერპლი "კურიერთან" იხსენებს, რომ სოციალურ ქსელში გაცნობილი მამაკაცი მას ინტიმური ფოტო-ვიდეო კადრების გაგზავნას ჯერ კიდევ მაშინ სთხოვდა, როდესაც არასრულწლოვანი იყო. სავარაუდო დამნაშავემ რამდენიმეთვიანი კონტაქტის შემდეგ, უკანონოდ მოპოვებული კადრებით მუქარა და შანტაჟი დაიწყო. მოძალადე მსხვერპლს შეხვედრას და სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა, მათ შორის სხვა პირებთანაც. დაზარალებული ამბობს, რომ მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო, ექიმების დახმარება დღემდე სჭირდება.
ვიდრე მოძალადე შეხვედრას აიძულებდა, გოგონამ მომხდარი ჯერ მეგობარს უამბო, შემდეგ კი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინა. 27 წლის მამაკაცი მალევე დააკავეს. ”კურიერი” კახეთის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდო მოძალადის სახლში მივიდა, სადაც მომხდარზე საუბარი არ სურთ.
ბრალდებულის ტელეფონიდან 18 წლის გოგონას ინტიმური ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები ამოიღეს. ეს კი, შანტაჟის შემცველი მიმოწერებია . "კურიერი" მის მხოლოდ მცირე ნაწილს ასაჯაროებს.
გამოძიება გრძელდება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის წინააღმდეგ, არაერთი მტკიცებულება მოიპოვა.
ბოლო პერიოდში, კოკა კაციტაძის უწყებამ პირადი ცხოვრების ხელყოფის, მათ შორის სქესობრივი კავშირის იძულების 5 ფაქტი გახსნა. დაკავებულია 4 პირი, მათ შორის 21 წლის მამაკაცი, რომელმაც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა.
ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც მეუღლეს "ფეისბუkი" გაუტეხა და მიმოწერებს უკანონოდ ინახავდა.
ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის და მიმოწერების გავრცელებისთვის, კიდევ 2 პირი გარდაბნის რაიონში აიყვანეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებს, უკვე ერთ წელზე მეტია იძიებს. მუშაობს ცხელი ხაზიც.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოძიება, პირადი ცხოვრების ხელყოფის 138 ფაქტზე დაიწყო. პასუხისგებაში კი, 32 პირი მიეცა. სისხლის სამართლის მუხლები, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულს გულისხმობს, 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.