პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია – რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე?

ნესტან გვენეტაძე

პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც უმეტესად მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალბატონებში გვხდება. ის ნივთიერებათა ცვლის, კონკრეტულად კი პურინული ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება. მის განვითარებას ხელს უწყობს სისხლში ხანგრძლივად მომატებული შარდმჟავას კონცენტრაცია, რომელიც შემდგომში, ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, კრისტალიზდება და დეპონირდება სახსრებსა თუ რბილ ქსოვილებში. ასევე, შესაძლებელია გამოიწვიოს შარდ-კენჭოვანი დაავადებაც.

პოდაგრაზე უფრო მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის რევმატოლოგ ნესტან გვეტაძეს დავუკავშირდით

რა სიმპტომები ახასიათებს პოდაგრას?

კლასიკური, მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევა ხასიათდება უეცარი (განსაკუთრებით ღამის საათებში) სახსრის შესივებით, ძლიერი ტკივილით, სიწითლით და მოძრაობის შეზღუდვით. აღნიშნული სიმპტომები დაავადების დასაწყისში ყველაზე ხშირად გამოხატულია ტერფის პირველი ე.წ. წინატერფ-ფალანგთაშორისი სახსრის მიდამოში. შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდეც. შეტევის შემდეგ სახსარი უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და პაციენტს შემდეგ შეტევამდე არანაირი ჩივილი არ აქვს.

არსებობს თუ არა რაიმე ტესტი პოდაგრის დიაგნოსტირებისათვის?

პოდაგრის დიაგნოსტირებისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგალითად სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის განსაზღვრა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეტევის დროს მისი დონე სისხლში შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე დაბალიც, ამიტომ ტესტირებისთვის ოპტიმალური დრო უნდა შეირჩეს რევმატოლოგის მიერ. გარდა ამისა, პოდაგრის დიაგნოსტირება შესაძლებელია სახსრიდან სინოვიალური სითხის ასპირაციით და მისი შემდგომი შესწავლით პოლარიზებული მიკროსკოპის საშუალებით, სადაც აღმოვაჩენთ შესაბამისი ტიპის კრისტალებს.

როგორ ხდება პოდაგრის მკურნალობა?

პოდაგრის მკურნალობა განსხვავებულია დაავადების სხვადასხვა ეტაპზე. მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევის მოსახსნელად გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაქრობას. შემდგომი შეტევების პრევენციისთვის კი ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც სისხლში შარდმჟავას დონის დაქვეითებას იწვევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოდაგრის მართვისას ყურადღება ექცევა აპურინული დიეტის დაცვას, რაც გულისხმობს იმ საკვების შეზღუდვას, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს პურინებს.

შესაძლებელია თუ არა პოდაგრის პრევენცია?

იმისთვის, რომ პოდაგრა ჩამოყალიბდეს და იქცეს ქრონიკულ მდგომარეობად ხანდახან ათეულ წელზე მეტია საჭირო. სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, ხელს უწყობს ასიმპტომური ჰიპერურიკემიის დროულ გამოვლენას. ასიმპტომური ჰიპერურიკემიის ადეკვატური მენეჯმენტი კი საგრძნობლად გადაავადებს პოდაგრული ართრიტის დებიუტს.