გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

სარჯველაძე ესპანელ კოლეგასთან

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ესპანელ კოლეგას, მონიკა გარსია გომესს შეხვდა.

მხარეებმა, ჯანდაცვის მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, საერთო გლობალურ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. ხაზი გაესვა, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობასაც.

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მიხეილ სარჯველაძის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.