VIDEO: „მრავალჟამიერი“ ნიაგარაზე - ანსამბლ „დიდგორის“ ტრიუმფალური წლები

დიდგორი

მგალობელ-მომღერალთა გუნდში „დიდგორი“, ქართული ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებლებმა 2003 წელს დაფუძნეს. სახელწოდება „დიდგორი“ ანსამბლს არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) უწოდა.

ანსამბლის წევრებმა არაერთი ქართული სიმღერა და საგალობელი შეისწავლეს. მალე გუნდმა გალობა დაიწყო წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში, ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ ჩიტიას ლოცვა-კურთხევით.

„პრაიმტაიმი“, რამდენიმე წლის წინ, ანსამბლ „დიდგორის“გუნდის წევრებს დაუკავშირდა და მათ წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრობლემებზე, გუნდის ერთ-ერთ მომღერალ, საქმის მმართველ გივი აბესაძეს ესუბრა: 

- როდის ჩამოყალიბდა ანსამბლი „დიდიგორი“ და ვინ იყო ხელმძღვანელი?

ფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი“, 15 წლის წინ, 2004 წელს ჩამოყალიბდა. სარულიად შემთხვევით, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტ გურამ  თამაზაშვილის სტუდიაში შევიკრიკრიბეთ. ყველა დინტერესებული იყო ამ საქმით. პირველად, სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. ბატონი გურამის გარდაცვალების შემდეგ, ბატონი ლევან წიტაიშვილი იყო  ჩვენი ხელმძღვანელი, რომელიც ადრეც გვამეცადინებდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დავაგრძელეთ საქმიანობა. იმ პერიოდში, ორი ბიჭი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.

- რა შედეგი გამოიღო ტაძარში გალობამ?

როცა გალობა დავიწყეთ, ძალიან შევიცვალეთ, ალბათ ეს ენერგეტიკა, ეს მადლი ამ ყველაფერმა ჩვენზე ძალიან დადებითად იმოქმედა. დღეში, 6 საათს ვმეცადინეობდით. ამის შემდეგ წმ. ილია წინასწარმეტყველის ტაძარში(საბურთალო) დავიწყეთ გალობა და ამ ტაძრის გუნდი ჩამოვყალიბდით, თუმცა ანსამბლი “დიდგორი“, უკვე ჩამოყალიბებული იყო.

სწორედ ამის შემდეგ, გალობის სიყვარულმა, მსახურებაზე დგომამ, სისტემატიურმა გალობამ და სიმღერამ, თავის შედეგი გამოიღო. ჩვენც დავიხვეწეთ და სულ სხვანაირად ავმღერდით. 2004 წლიდან, მთელი შემადგენლობით ერთად მოვდივართ, მხოლოდ 3-4 ადამიანი შემოგვემატა. არც ერთ გუნდის წევრს, ანსამბლი ჯერ არ დაუტოვებია. 

- როდის შედგა პირველი თქვენი გამოსვლა პუბლიკის წინაშე?

დაარსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2005 წელს, პირველად „პროფკავშირების სასახლეში“ „გავბედეთ“ კონცერტის ჩატარება. მახსოვს, რომ ყველა ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ მეგობრების მხარდაჭერით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირველი ჩვენი მონაწილეობა და მაყურებლის წინაშე წარდგენა, ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით! ამ დროს მე 21 წლის ვიყავი, მაგრამ რამდენიმე ბიჭი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.

კონცერტის შემდეგ, გადავწყვიტეთ ჩოხები შეგვეკერა, რაც მშობლების დახმარებით შევძელით. ამას მოჰყვა ქ. გორში ჩატარებული კონცერტი, შემდეგ „კინოს სახლში“ წარვდექით მაყურებლის წინაშე, რაც ჩვენთვის ძალიან სანერვიულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რადგან აკუსტიკა არ იყო კარგი და ძალიან პატარა დარბაზი იყო. იმ პერიოდში, სადაც მივდიოდით, ყველგან ვმეღოდით და ხალხის მხრიდან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდით. 

 - რა კურიოზს გაიხსენებდით ბავშვობის დროინდელს?

ყველაზე კურიოზული რაც დაგვამახსოვრდა და ვთვლით, რომ ეს დაუვიწყარი მომენტებია, თუ ვინმე ბიჭი შეყვარებული იყო, სერენადებით ვცდილობდით გოგონების გულის მოგებას. გოგონას სახლთან მივდიოდით მთელი გუნდი და ვუმღეროდით. მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთმა სიყვარულმა არ გაამართლა(იცინის). ეს გავითვალისწინე და ჩემს შეყვარებულს, რომელიც ამჟამად ჩემი მეუღლეა, არ ვუმღერე. დღემდე სულ მეუბნება, ჩემთვის როგორ არ გაქვს ნამღერიო (იცინის).

- როდის და სად გქონდათ პირველი გასტროლი?

პირველი გასტროლი 2011 წელს გვქონდა კორსიკაში(საფრანგეთი). ეს ანსამბლი, 2008 წელს საქართველოში იყო ჩამოსული და სიმპოზიუმზე გავიცანით, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა ფოლკლორულ სამყაროში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც აქტიურად გვიწვევდნენ. ამის შემდეგ დავუახლოვდით ერთმანეთს და დავმეგობრდით. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. რამდენიმე ხანში კი საფრანგეთში დაგვპატიჟეს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ვინც ჩამოდის, განსაკუთრებით ფოლკლორის კუთხით და მის კულტურას ეზიარება, ის უკვე სამუდამოდ შეყვარებულია საქართველოზე. ეს ყველაფერი, ქართული სიმღერების და კულტურის ენერგეტიკაზეა დაფუძნებული, გვერდიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ყველაფრის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა არის საოცრად მომხიბვლელი და დიდი ენერგეტიკის მატარებელი. ხშირად ამბობენ, ქართველები ლაღები არ ვართო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. საკმაოდ ლაღი ხალხი ვართ, თუ სხვებს შევედრებით. ამის შემდეგ ჩავედით კორსიკაში და ერთობლივი კონცერტი გავმართეთ.

- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენმა გამოსვლამ კორსიკელ მსმენელებში?

ეს იყო წარუშლელი შთაბეჭდილება. ეს ჩვენი პირველი ორგანიზებული გასვლა და ჩვენი პირველი გასტოლი. თან გვახლდა ასევე ბატონი სოსო ჟორდანია(პროფესორი), რომელმაც ლექცია ჩაატარა ქართული კულტურის შესახებ. ამ კონცერტის შემდეგ, ყველაფერი კარგად აეწყო. გავაგრძელეთ ერთად ყოფნა, ერთად გალობა. ვცდილობდით, რომ ბევრი გვემუშავა. 

ხშირად გვითქვამს, რომ ღმერთს არ უნდა, რომ ეს ანსამბლი დაიშალოს. ყველა პირობა არსებობს, რომ არ ვარსებობდეთ, მაგრამ ხდება ისე, რომ კონცერტებსაც ვმართავთ, ალბომებსაც ვწერთ. ამისთვის რა თქმა უნდა გვეხმარებიან, ზოგჯერ მეგობრები, ზოგჯერ სხვადასხვა ფონდები, სახელმწიფო  ორგანიზაციები გვაფინასებენ. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი, უფლის ნებით ხდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენი მხრიდან სპონსორის ძიება, აქტიურად არასდროს არ გვიცდია. ვერ დავაბრალებთ ვერავის, რომ არ დაგვაფინანსა. ერთჯერადად გვაფინანსებენ ძირითადად. არის შემთხვევები, როცა ჩვენი სახსრებით ვმართავთ კონცერტებს. რამდენჯერმე,  ფონდი „ქართული გალობა“ დაგვეხმარა, აგრეთვე, ბიზნესმენები.  ძირითადი ჩვენი პრობლემა, უსახსრობაა. 15 წელია, ერთად ვართ და ვმართავთ კონცერტებს, ვაქტიურობთ ყველანაირად.

მიტომ არა, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცოთ. უბრალოდ, ჩვენ გვიყვარს სიმღერა, ჩვენი ლოზუნგიც ეს არის „სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი“. ჩვენ სწორედ ამით ვცოცხლობთ, ამით ვცხოვრობთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არ არის ჩვენი შემოსავლის წყარო, თუმცა კარგი იქნებოდა მეტი ასპარეზი, მეტი საშუალება, რომ წარვდგეთ მსმელელის წინაშე. თუნდაც მცირედი ხელშეწყობა, რომ საშუალება მოგვეცეს გარკვეული ჩვენი იდეების განსახორციელებლად. 

- ყველაზე დიდი წარმატება რომელ ქვეყანაში გქონდათ და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით ქვეყანაში?

ყველაზე დიდი წარმატება, ლატვიაში ჩატარებულმა კონცერტმა მოგვიტანა. 2013 წელს, ლატვიის სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელმა მიგვიწვია ფესტივალზე. პირველად, საქართველოში მყოფმა ლატვიის ელჩმა ელიტა გაველემ მოგვისმინა და სწორედ მან მიგვიწვია. ლატვიის სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელმა მარის სირმაისმა, როგორც ჩანს, მოუსმინა ჩვენს სიმღერებს. ჩვენს ჩანაწერებზე არაჩვეულებრივმა კომპოზიტორებმა იმუშავეს. თხოვნა იყო, რომ რაღაც განსხვავებული გაკეთებულიყო, სადაც ქართული მუსიკა იქნებოდა გამოკვეთილი. როცა პირველად ლატვიიდან გამოგზავნილი ნოტები მივიღეთ, შოკი გვქონდა. მართალია, ჩვენ გვაქვს ნოტებთან შეხება გალობის კუთხით, მაგრამ აქ, იყო უამრავი ნოტი.

აღმოჩნდა, რომ ეს, მხოლოდ ჩვენი შესასრულებელი არ იყო. ლატვიაში როცა ჩავედით, პროფესიონალთა გუნდი დაგვხვდა. ისე გვექცეოდნენ, თითქოს „Pink Floyd“-ის ანსამბლი ჩავედით (იცინის). ეს იყო, ისეთი სითბო და დაფასება, გვერდში დგომა. ამ ყველაფერმა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ვინც იქ ვიყავით, სრულიად წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. აქ ჩართული იყვნენ „გრემის“ ნომინანტები. მათ ისე შეიგრძნეს ჩვენი მუსიკა, რომ ხელი არ უხლიათ ჩვენი ხალხური სიმღერისთვის. ჩვენს ირგვლივ „ააშენეს“ მათი ნაწარმოები, ჩვენ, ჩართული ვიყავით ამ შემოქმედებაში.

ყველაფერი ხდებოდა, მხოლოდ ჩვენს ირგვლივ. კონცერტი, ლუთერანულ ეკლესიაში ჩატარდა, სადაც საოცარი აკუსტიკა იყო. ეს იყო რაღაც საოცრება. მსმენელის მხრიდან უდიდესი ყურადღება იგრძნობოდა. ეს იყო, ჩვენი ანსამბლის უდიდესი წარმატება.

წელს, კანადაში გვქონდა ხანგრძლივი გასტროლი. რვა ქალაქში ვიყავით და ყველგან უდიდესი წარმატება მოვიპოვეთ. მართლაც, სასწაული ქვეყანაა. საოცარი მსმენელი დაგვხვდა, რამაც ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ტურის დროს, ნიაგარას ჩანჩქერის სანახავად გავემგზავრეთ და გადავიღეთ საოცარი კადრები, სადაც ჩანჩქერის ფონზე „მრავალჟამიერს“ ვმღერით. მომდევნო წელს კვლავ გვაქვს გეგმაში, კანადაში გამგზავრება.