1792180303
"თოჯინა თავისით გადაადგილდებოდა და შეტყობინებებს ტოვებდა..." - იდუმალებით მოცული "ანაბელი"
თოჯინა, რომელიც თავისით გადაადგილდებოდა, შეტყობინებებს ტოვებდა და ადამიანებს აშინებდა... - მისი მფლობელები ამტკიცებდნენ, რომ ეს უბრალოდ სათამაშო აღარ იყო. ამიტომ ის ჩაკეტილ კარადაში მოათავსეს და თან გამაფრთხილებელი წარწერაც დაურთეს: შეხება სასტიკად აკრძალულია!
უბრალო ნაჭრის თოჯინა ანაბელი - საშინელებათა ისტორიების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცა. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში და რატომ სჯეროდათ, რომ სათამაშოში რაღაც ბოროტი იმალებოდა?
ყველაფერი 1970 წელს დაიწყო, როდესაც დედამ თავის ქალიშვილს, სახელად დონას დაბადების დღეზე საჩუქრად ანტიკვარულ მაღაზიაში ნაყიდი თოჯინა მიუტანა. დონას ის ძალიან მოეწონა, მაგრამ მან და მისმა მეგობრებმა მალევე შეამჩნიეს, რომ თოჯინა თავისით იცვლიდა ადგილმდებარეობას. ხშირად პოულობდნენ ბავშვის ხელით დაწერილ იდუმალ წერილებს წარწერით: „დაგვეხმარეთ“. როგორც დონა ამბობდა, ის მის მეგობარს ფიზიკურადაც დაესხა თავს.
მოწვეულმა მედიუმმა მათ უთხრა, რომ თოჯინაში 7 წლის გარდაცვლილი გოგონას, ანაბელ ჰიგინსის სული იყო ჩასახლებული , რომელსაც უბრალოდ მათთან თამაში და ყურადღება სურდა. მოგვიანებით ამ ამბავში პარანორმალური მოვლენების მკვლევრებიც ჩაერთნენ. მათი დასკვნით, სათამაშოში არა ბავშვის სული, არამედ დემონური ძალა იყო ჩასახლებული რომელიც თოჯინით მანიპულირებდა, რათა საბოლოოდ ადამიანის სულს დაჰპატრონებოდა.
ამის გამო ის ნაკურთხ მინის ყუთში მოათავსეს წარწერით: „გაფრთხილება: კატეგორიულად არ გახსნათ“. წლების განმავლობაში ის კონექტიკუტში, უორენების ოკულტურ მუზეუმში ინახებოდა. თოჯინას სახელს დღემდე უკავშირებენ მუზეუმის იმ ვიზიტორების უცნაურ ავარიებსა და სიკვდილს, რომლებმაც ანაბელის დაცინვა სცადეს.
მაგრამ მართლა იყო ანაბელი დაწყევლილი? მართლა ხდებოდა ის, რასაც დონა და მისი მეგობარი აღწერდნენ? იყო ეს პარანორმალური მოვლენა, მცდარი აღქმა თუ ამბავი, რომელმაც დროთა განმავლობაში შემზარავი დეტალები შეიძინა? - ამ კითხვებზე პასუხი დღემდე არ არსებობს.










