„თოვლი, წვიმა, ნალექი...“ - ამინდი იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1731924856
მამა გაბრიელზე უამრავი სასწაული გაქვთ გაგონილი, მოსმენილი თუ წაკითხული. მათ შორის, არის ერთ-ერთი ისტორია, რომელიც პირველად, შესაძლოა, ახლა გაიგოთ. "საუბრები მამა გაბრიელზე" - ეს არის გადაცემათა ციკლი ჩვენი დროის უდიდეს წმინდა მამაზე, სადაც მცხეთელმა რაულ ვოლნისტიმ, მამა გაბრიელთან თავისი ურთიერთობის შესახებ სამი წლის წინ ისაუბრა.
რაულ ვოლნისტი მაშინ 18-19 წლის იყო, როდესაც მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ბერი გაბრიელი გაიცნო. იმ დროს, ვერც კი წარმოედგინა, რომ მის წინ წმინდანი მეტყველებდა, რჩევა-დარიგებასა და აწმყოსა თუ მომავლის წინასწარმეტყველებას, სწორედ უდიდესი წმინდა მამისგან იღებდა.
გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან.
რაულ (რაფაელ) ვოლნისტი: მე მცხეთელი ვარ. იმ დროს სტიქაროსანი გახლდით. პირველად როდესაც მამა გაბრიელი ვნახე და მას მივუახლოვდი, რამდენჯერმე შემომხედა და გაიხედა. ვფიქრობდი, ნეტა, როგორ მიმიღებს მამაო, რაზე ვისაუბრებთ-მეთქი. ამ ფიქრებში ვარ და უცებ ამბობს - ჰო, მე ბევრს ვგონივარ გიჟი.
დრო გადიოდა, ახსნა არ მაქვს, რატომ მივდიოდი მასთან. რაღაცას მივყავდი, თან მეშინოდა და თან სიხარულიც მქონდა მასთან ურთიერთობის. მაგრამ მაშინ სასწაულებად ვერ აღვიქვამდი ყველაფერ იმას, რასაც ის სჩადიოდა, მეგონა რაღაცები ემთხვეოდა. არ ვიყავი სულიერად ისე, რომ მისთვის ისე შემეხედა, როგორც ღვთისგან მოვლენილისთვის. მან ჩემს ცხოვრებაში მოახდინა სასწაულები, რომელიც მე შემდგომში, მისი გარდაცვალების შემდეგ გავაანალიზე.
ეს ამბავი ჩემი, მამა გაბრიელის და უფლის წინაშე იყო საიდუმლო. უკვე ჩავთვალე, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრის დრო მოვიდა.
ათი წელია დაოჯახებული ვარ, შვილი არ გვყავს... ამ თემაზე, მამა გაბრიელი, წინდაწინ, დაოჯახებამდე მესაუბრებოდა, რომელიც მე იმ მომენტში ძალიან მეუხერხულებოდა. ის, რაც ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მოხდა, იყო განჭვრეტა ჩემი მომავლის.
იმ დღეს მამა გაბრიელის მარჯვნივ ვიჯექი, მისი მარჯვენა ხელი ფეხზე მედო და ვეფერებოდი. მასთან გოგონა და ბიჭია სტუმრად და მამაო მათ ესაუბრება. უცებ მათთან წყვეტს საუბარს, გადმომხედავს და მეკითხება, გიყვარვარ? როგორ არა, მამაო-მეთქი, ვუპასუხე. გააგრძელა საუბარი. ასე მოიქცა სამჯერ - გაჩერდა და მართლა გიყვარვარო, მკითხა. მერე გაწყვიტა მათთან საუბარი, დაემშვიდობა. მე და შენ კელიაში შევიდეთო, მითხრა. შევედით. მამაო წამოწვა, თავთან დამიჯექიო. სამ-ოთხ წუთში მეუბნება: სწორად გამიგე, შენი მამაკაცური ყოფიერების რაც არის, ის ხელში უნდა დამაჭერინო. ვერ მივხვდი, რაზე მელაპარაკება. გაიმეორა. არ ვიცი, რა ვქნა, ძალიან შემრცხვა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. ვერ მივხვდი, ამას რატომ ითხოვდა. მესამედაც მითხრა, თან დასძინა, ეს შენი მომავლისთვის აუცილებელიაო. ვერ გავბედე... შემხედა, რომ ცუდ დღეში ჩავვარდი და მეუბნება, შენ მომავალში ძალიან დიდ პრობლემებში აღმოჩნდებიო. ადექი და პირდაპირ სახლში წადი, მზად როცა იქნები მოხვალ ჩემთანო. უხმოდ, დაუმშვიდობებლად გამოვედი კელიიდან. ცუდად არ მაფიქრებინა უფალმა და ეს ამბავი აქამდეც შემანახინა.
გავიდა დრო და მე შვილი არ მომეცა... ყურში მამა გაბრიელის ხმა მქონდა, შენ მომავალში დიდი პრობლემები გექნებაო... პროფესორები მოვიარეთ, დასკვნა ვერ გამოჰქონდათ, საიდან მოდიოდა ჩემი პრობლემა. ზუსტი პასუხი არ ჰქონდათ. თუ რამე სასწაული არსებობს, ღმერთისგან უნდა მოხდესო...
მამა გაბრიელის საფლავთან მივდიოდი და სულ ვეუბნებოდი, მამაო, როგორი მართალი ყოფილხარ და რატომ არ დაგიჯერე, ეს ხომ წამიერად მოხდებოდა შენი მადლიანი ხელით-მეთქი. ვუჩოქებდი და პატიებას ვთხოვდი იმისთვის, რომ არ დავემორჩილე... გემუდარები, ახლა მაინც მაპატიე-მეთქი.
***
მუშაობა დავიწყე ავეჯის საამქროში. მიხარია, შემოსავალი გამიჩნდება-მეთქი. მივედი მამა გაბრიელთან და მეუბნება, რაულ, აღარ წახვიდე სამსახურში, თავი დაანებეო. ასე მეტყოდა და არ ამიხსნიდა, პირდაპირ მეუბნებოდა. უცნაური საუბარი იცოდა, ჩემი გონება კი ვერ სწვდებოდა მის ნათქვამს, რადგან მას სულ სხვა სულიერი სიმაღლე ჰქონდა...
კატეგორიულად ამიკრძალა სამსახურში წასვლა. მაინც წავედი და ერთ-ერთ დანადგარზე მარჯვენა ხელი ჩამყვა. მადლობა ღმერთს, დანადგარი დროულად გაითიშა და ხელი არ დავკარგე. მივედი სახლში, მოვიბანე, ჭრილობა ღრმა იყო, თუმცა სისხლი არ წამომსვლია, შევიხვიე, გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი და წავედი მამა გაბრიელთან. ჩამოვსხედით თუ არა, მითხრა, ხომ გეუბნებოდი, არ წახვიდე სამსახურში-მეთქი. ჩემი ჭრილობა არ ჩანდა ფიზიკურად. მე გაოცებული ვუყურებ. შემიყვანა კელიაში. პირდაპირ მარჯვენა მკლავი მომთხოვა, მკერდზე დაიდო და თავისი მარჯვენა ხელი დამადო. ხელი გავარვარებული უთოსავით ცხელი ჰქონდა. ამეწვა... წადი ახლა სახლში, სახვევი მოიხსენი, სარკესთან დადექი, ასწიე მკლავი და იარას შეხედეო. გავიქეცი სახლში. სწრაფად მოვიხსენი სახვევი სარკის წინ, ხელი ავსწიე და ჩემი ჭრილობა შეწებებული, ვარდისფერი ზოლივით იყო!.. თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა! მაგიჟებდა. საოცარი პიროვნება იყო. ნახეთ სრულად