1727952555
„ლოცვა დავიწყეთ, უცებ კარი გაიღო და ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...“- ღვთის სასწაულის კიდევ ერთი ამბავი
რა ჭირის მოტანა ძალუძს სიხარბეს საკუთარი თუ სხვისი სულისათვის, ან რა არის მისი წამალი, საუკუნენახევრის წინანდელი ქვემოთ მოყვანილი ამბავიც ცხადყოფს, რომელიც ერთ-ერთ ციმბირულ სოფელში მოხდა და ერთმა იქაურმა კაცმა ჩაიწერა:
"მამა ნაკითხი კაცი იყო და წიგნი მეც შემაყვარა. ამდენად, ვისაც ჩემსავით კითხვა უყვარდა, უპირველეს მეგობრად მიმაჩნდა...
ერთ მშვენიერ დღეს უფალმა ნუგეშად ახალგაზრდა კაცი მომივლინა, ოციოდ წლის ტიმოთე, და სწორედ მისი ამბის მოყოლას ვაპირებ:
იგი ჩვენს დაბაში სულ ახალგაზრდა გადმოასახლეს, - ხმები დადიოდა, ობლად დარჩენილს გამზრდელმა ბიძამ, რომელიც მის ქონებას დახარბდა, ყველაფერი წაართვა, რის გამოც ტიმოთემ იარაღით გული გაუგმირაო, მაგრამ რადგან ახალგაზრდა გახლდათ, თანაც - პირველი გილდიის ვაჭარი, მხოლოდ გადასახლება აკმარესო.
მის სულში კარგა ხანს დუღდა წყენა, რის გამოც ყველასგან შორს ეჭირა თავი... მუდამ შინ იჯდა და სასულიერო ლიტერატურას კითხულობდა და ერთმანეთსაც სწორედაც წიგნის სიყვარულმა დაგვაახლოვა. ხშირად ვსტუმრობდი და ისიც დიდი ხალისით მმასპინძლობდა ხოლმე...
თავიდან მშობლებს ეუცხოვათ ჩვენი სიახლოვე, შემდეგ შეეჩვივნენ და აღარც შემწინააღმდეგებიან...
მოგვიანებით მამაც ესტუმრა, შემდეგ ტიმოთეც გადმოვიპატიჟეთ და ჩვენები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ჩინებული ახალგაზრდა იყო. მალე შეუყვარდათ, თან ებრალებოდათ, სულ ნაღვლიანი რომ იარებოდა...
თუ ვინმე, ნებსით თუ უნებლიეთ, ბიძას ან გადასახლების მიზეზს უხსენებდა, ფითრდებოდა და მოღუშული დაიწყებდა ხოლმე ბოლთის ცემას. ასეთ დროს აღარც წიგნი ახსოვდა და თვალებიც რისხვით წამოენთებოდა. უაღრესად პატიოსანი გახლდათ, თანაც შრომისმოყვარე, მაგრამ თავისი ჯავრის გადამკიდემ საქმეს გული ვეღარ დაუდო...
უფალმა მის დარდს მალე უწამლა - თვალში ჩემი და მოუვიდა, ცოლად შეირთო და თითქოს დამშვიდდა... ათი წლის შემდგომ კი იმხელა ქონება დააგროვა, დაბის ყველაზე შეძლებული მოსახლე გახდა: - სასახლესავით ბინა წამოჭიმა, კარგი ცოლ-შვილი ჰყავდა, სხვა რაღა უნდა ესურვა?! თითქოს წარსულის დავიწყებაც შეიძლებოდა, თუმცა ტიმოთეს მაინც ტანჯავდა თავისი დარდი და ერთხელ, როდესაც ურმით მოვდიოდით, ფრთხილად დავეკითხე:
- ძმაო, უწინდებურად განიცდი, რაც ადრე მოხდა?
- რას გულისხმობ?
- რაც დაკარგე, ახლა ხომ ყველაფერი შეიძინე!
გაფითრდა და არაფერი უთქვამს... მოვუბოდიშე, - მეგონა, წყენამ გაგიარა-მეთქი.
- რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მაინც ყველაფერი მემახსოვრებაო...
შემებრალა, ასეთი ამღვრეული სული რომ ჰქონდა... წმინდა წერილი კარგად იცოდა და სხვებსაც ჩინებულად მოძღვრავდა ხოლმე, მაგრამ თავად წყენას ვერ მორეოდა, რადგან, როგორც ჩანს, წმინდა სიტყვას გულამდე არ უშვებდა.
ტიმოთემ შენიშნა, რომ გავირინდე და აღარ მომეშვა:
- რამ ჩაგაფიქრა?
- არაფერმა-მეთქი.
- ვგრძნობ, ჩემზე ფიქრობ.
- შენზეც ვფიქრობ და ნუ მიწყენ, თუ პირდაპირ გეტყვი: - წმინდა წერილი მშვენივრად იცი, მაგრამ გული მაინც მრისხანებით და ბოღმით გაქვს სავსე-მეთქი.
მშვიდად მიპასუხა: - ქვეყნად ისეთი წყენაც არსებობს, რომლის არხსოვნაც შეუძლებელიაო და ბოლოს და ბოლოს გამიმხილა, რომ ბიძაზე ფულის გამო კი არა, იმ მიზეზით იყო ნაწყენი, რომ სიხარბის გამო მამამისს სასტიკად აწყენინა, დედა დარდით სამარემდე მიიყვანა, თავად ტიმოთეს ცილი დასწამა, შემდეგ კი მუქარით შეირთო გოგო, რომელიც ტიმოთეს ბავშვობიდან უყვარდა და ცოლად შერთვასაც აპირებდა.
- განა შეიძლება ამის პატიება?! - ამას არასოდეს ვაღირსებო, - დასძინა ბოლოს.
- მართლაც, საშინელება გადაიტანე, მაგრამ წმინდა წერილი რომ გულს გარეთ გრჩება, ესეც ფაქტია-მეთქი.
ტიმოთე შეეცადა, თავი ემართლებინა, - ხან ძველი აღთქმიდან მოიყვანა მაგალითები და ხან - საიდან, მე კი ვურჩიე, ბიძისთვის მიეტევებინა და სული განეწმინდა.
მისმინა, მისმინა, ხელზე ხელი მომიჭირა და ბოლოს მოკლედ მოჭრა: - თავი დამანებე, არ შემიძლია, ძალიან მიმძიმსო.
გავიდა ექვსი წელიწადი, მაგრამ უწინდებურად იტანჯებოდა და სადმე ბიძამისს რომ გადაჰყროდა, წმინდა წერილს გვერდზე გადადებდა და შურს იძიებდა. მაგრამ რატომღაც მშვიდად ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ მალე რაღაც შეიცვლებოდა და უფალი მას ამ სატანჯველისგან გამოიხსნიდა.
ტიმოთე იმ დროს 37 წლისა იქნებოდა, შეძლებული და პატივცემული. ყვავილები, განსაკუთრებულად კი ვარდები უყვარდა და მთელი კარ-მიდამო სხვადასხვა ჯიშის ვარდებით ჰქონდა სავსე... წესად ჰქონდა, საღამოობით თავის ბაღნარში გამოსულიყო და იქაურობას მოჰფერებოდა, შემდეგ კი სკამზე ჩამომჯდარიყო და ასე ელოცა.
ერთ მშვენიერ დღეს მივიდა ბაღში, გადაშალა სახარება და წაიკითხა, როგორ ესტუმრა ქრისტე ფარისეველს, რომელმაც ფეხსაბანად წყალიც კი არ მიართვა...
ტიმოთეს იმდენად შეემუსრა გული, რომ ატირდა და სწორედ იმ წუთიდან დაიწყო ყველაფერი... აქედან უკვე მისივე ნაამბობს გავიმეორებ:
"გარშემო მიმოვიხედე და გავიფიქრე: - რა სიმდიდრესა და ფუფუნებაში ვარ, უფალი ჩემი კი ასე ღარიბი და მიუსაფარი იყო-მეთქი... ისე ამევსო თვალები ცრემლით, ვეღარც ვახამხამებდი, ირგვლივ ყველაფერი გავარდისფრდა, შემდეგ თითქოს გული შემეკუმშა და უეცრად წამოვიძახე: - უფალო, ჩემთან რომ მოსულიყავი, საკუთარ თავსაც არ დაგიჭერდი-მეთქი!
...და უეცრად საიდანღაც სუნთქვასავით გავიგონე:
- მოვალ!"
ტიმოთემ აღლვებულმა მოირბინა ჩემთან და მითხრა: - შენ როგორ ახსნიდი ამას, ნუთუ უფალს მართლა შეუძლია ჩვენთან სტუმრად მოსვლა?
- ეს ჩემი ცოდნის მიღმაა, სახარება რას ღაღადებს ამის შესახებ?
- წმინდა წერილი გვეუბნება: - იესო ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნისამდე. უფლება არ მაქვს, ეს არ ვირწმუნო.
- ჰოდა, გწამდეს-მეთქი.
- ვბრძანებ, სახვალიოდ სუფრა გაშალონ მისთვის, - წამოიძახა ტიმოთემ.
მეორე დღესვე ტიმოთემ ცოლს სთხოვა, სუფრასთან ერთი თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა... დასხდებოდნენ სატრაპეზოდ ხუთნი - ტიმოთე და მისი ოჯახი, სუფრის თავში მეექვსე, ყველაზე საპატიო ადგილი კი ცარიელი რჩებოდა. დიასახლისს ცნობისწადილი კლავდა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ადგილი, ტიმოთე კი პასუხობდა: - უპირველესი სტუმრისთვისააო, მაგრამ ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდა, თუ ვის უცდიდა.
...ელოდა ტიმოთე მაცხოვარს ბაღში გაგონილი სიტყვიდან მეორე, მესამე, მეოთხე დღეს... გადიოდა კვირები, თვეები, საეკლესიო დღესასწაულები, მაგრამ მოლოდინს ბოლო არ უჩანდა. თუმცა იმედი არ დაუკარგავს და სწამდა, რომ უფალი დანაპირებს უცილობლად შეუსრულებდა.
ერთხელაც მითხრა: - ყოველდღე ველი და ვევედრები, მაგრამ პასუხი არ ისმისო.
აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა და ხშირად იმასაც ვფიქრობდი, რომ ხიბლმა სძლია, თუმცა ღვთის განგებამ სხვაგვარად ინება...
ქრისტეშობა ახლოვდებოდა, უმკაცრესი ზამთარი იდგა... წინა საღამოს ტიმოთემ გამიმხილა:
- ძმაო, ხვალ უფალი მესტუმრება...
- რატომ ხარ ამაში ასე დარწმუნებული-მეთქი?
- დღეს შევევედრე თუ არა, სულისშემძვრელმა, საყვირივით ხმამ მიპასუხა: - მალე მოვალო. ხვალ ხომ მაცხოვრის შობაა და, როგორც მგონია, ამ დღეს ინება მობრძანება ჩემნაირ ცოდვილთან. შენიანებთან ერთად მეწვიე, თორემ სული ერთიანად შიშით მითრთისო.
- ხომ იცი, რომ არ ძალმიძს, ეს დავიტიო, არც უფლის ნახვას ველი, რადგან ცოდვილი ვარ, მაგრამ რადგან ასე მთხოვ, გეწვევი და მოკრძალებით გირჩევ, თუ ძვირფას სტუმარს სასოებით ელი, მეგობრები კი არა, მისთვის სათნო კრებული დაახვედრე.
- მიგიხვდი და ხვალ ყველა გაჭირვებულს, მშიერს, განსაცდელში მყოფსა და სნეულს მოვუხმობ, რომ ყველაფერი მცნებისაებრ იყოსო.
შობა დღეს ოჯახითურთ ვესტუმრე ტიმოთეს.
მთელი სახლი სავსე იყო გაჭირვებულებით, მაგიდები ხორაგს ვერ უძლებდა...
მალე ყველა მოვიდა, შიკრიკებიც დაბრუნდნენ და აღარც არავის ელოდნენ, რადგან საშინელი ქარბუქი ამოვარდა, მაგრამ უპირველესი სტუმარი არა და არ ჩანდა...
მალე ჩამობნელდა და სუფრასთან დასხდომის დრომაც მოაწია. ყველანი ხატების წინ დანთებული სანთლების შუქზე ვიცდიდით, მასპინძელი კი, შეშფოთებული, მოუსვენრად მიმოდიოდა, რადგან ხვდებოდა, რომ დიდებული სტუმარი აღარ მოუვიდოდა. ბოლოს ღრმად ამოიოხრა და მითხრა:
- ვხედავ, რაღაც სათანადოდ ვერ აღვასრულე, ალბათ, ვერ შევძელი იმათი შეკრება, ვინც აქ უნდა ყოფილიყო. იყოს ნება ღვთისა, მოდი, ვილოცოთ და სუფრას მივუსხდეთ...
ის იყო, ლოცვა იწყო, რომ გარედან რაღაც ისე შეეჯახა კედელს, ყველაფერი შეზანზარდა, მერე სასტუმრო ოთახის კარი თავისით გაიღო და ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...
უეცრად ზღურბლზე ჩამოძონძილი მოხუცი გამოჩნდა, რომელიც სიცივით ისე ცახცახებდა, ძლივსღა იმაგრებდა თავს, რომ არ დაცემულიყო... მალე მის ხელზე თვალშისაცემი, დიდი ხნის წინ შეხორცებული და ყინვისაგან გათეთრებული ნატყვიარიც გავარჩიეთ და ტიმოთემ წამოიძახა: - უფალო, ვხედავ და ვღებულობ მას შენი სახელისათვის! თავად შენ კი ნუ შემოხვალ, რადგან ცოდვილი ვარო.
მერე მუხლებზე დაემხო და გულშემუსვრილმა ლოცვა იწყო... შემოიტანეს სანთლები. ტიმოთე წამოდგა, მოაჯირს ჩაბღუჯულ მოხუცს ხელი მოჰკიდა და უპირველესი სტუმრისათვის განკუთვნილ სკამზე დასვა...
ალბათ, მიმიხვდით, ვინც იყო მოხუცი, - ტიმოთეს ბიძა, რომელმაც მოკლედ მოგვითხრო, როგორ წაუვიდა ცხოვრება უკუღმა და როგორ დაკარგა ოჯახიცა და ავლა-დიდებაც... შემდეგ დიდხანს ეძებდა ტიმოთეს, რომ მისთვის პატიება ეთხოვა...
ამ ხეტიალსა და ქარბუქში კი გზა არეოდა, გაყინულიყო და სიკვდილსღა ელოდა...
- მაგრამ უეცრად, - თქვა მოხუცებულმა, - ვიღაც უცნობმა შუქი მომფინა და მითხრა: "წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან!" შემდეგ ორივე ხელი წამავლო და ისე დამაყენა, თავადაც ვერ მივხვდი.
- ვიცი, ბიძაჩემო, უფალი იყო შენი ჩემამდე მომცილებელი, რომელმაც ბრძანა: "შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და სწყუროდის თუ, ასუ მას". ჩემთან დაჯექი, მიიღე, რაც გსურს და დარჩი ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე, - ყველას გასაგონად წარმოთქვა ტიმოთემ.
იმ დღიდან მოხუცი აღარსად წასულა, სიკვდილის წინ აკურთხა ძმისშვილი და როგორც იქნა, ტიმოთემაც პოვა მოსვენება.
ასე განისწავლა კაცი, თუ როგორ განემზადებინა გულში აკვანი მიწაზე შობილი ქრისტესთვის. ყოველ გულს ძალუძს, ასეთ აკვნად იქცეს, თუ აღასრულებს მცნებას: "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა". წყარო
ასევე ნახეთ: