„ისმოდა ნაბიჯების ხმა, ზარები თავისით რეკავდა, საგნები მოძრაობდა, მოჩვენება დაიარებოდა...“ - იდუმალებით მოცული სახლი ინგლისში

მოჩვენებებით სავსე სახლ

„ღამით ცარიელ დერეფნებში ნაბიჯების ხმა ისმოდა, ზარები თავისით რეკავდა, ნივთები ადგილს იცვლიდა, ზოგჯერ კი სახლში შავებში ჩაცმული მონაზვნის აჩრდილი ჩნდებოდა. ვინც ამ სახლში ცხოვრობდა, ამტკიცებდა, რომ იქ რაღაც აუხსნელი ხდებოდა„,- ეს ბორლის რექტორატის ისტორიაა - სახლის, რომელმაც ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჩვენების ლეგენდა შექმნა.

ყველაფერი მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. ინგლისის პატარა სოფელ ბორლიში მდებარე რექტორატის მამულის მცხოვრები ოჯახები აცხადებდნენ, რომ თავისით ირეკებოდა ზარები, ტყდებოდა ფანჯრები, ჭურჭელი ჰაერში დაფრინავდა და  უცნაური ნაბიჯების ხმა ისმოდა.

კედლებზე მოულოდნელად ჩნდებოდა წარწერები, რომლებშიც ვიღაც დახმარებას ითხოვდა - „მარიან, გთხოვ დამეხმარე აქედან თავის დაღწევაში“...

ყველაზე შემზარავი ამბავი მონაზონს უკავშირდებოდა...

1900 წელს ოჯახის ოთხმა წევრმა განაცხადა, რომ ბაღში შავებში ჩაცმული ქალის ფიგურა დაინახა. ის მონაზონს ჰგავდა და, როგორც თვითმხილველები აღწერდნენ, ნელა გადაადგილდებოდა.

ადგილობრივების ცნობით,  მონაზონს შეუყვარდა ბერი. მათ გაქცევა დააპირეს, თუმცა დაიჭირეს… ბერს თავი მოჰკვეთეს, ხოლო მონაზონი რექტორატის სარდაფის კედელში ცოცხლად ჩააშენეს.

ამბობდნენ, რომ ბაღის ბილიკებზე სწორედ მისი აჩრდილი დასეირნობდა. თუმცა მონაზვნის ამბის ისტორიული სიზუსტე დადასტურებული არ არის.

ეს ამბავი პარანორმალური მოვლენების მკვლევრის,  ჰარი პრაისის ყურადღების ცენტრში მოექცა. მან სახლი გამოიკვლია, მოგვიანებით კი იქ დაკვირვებებისთვის სპეციალური ჯგუფიც გაგზავნა. თუმცა, რაც უფრო მეტ ადამიანს სჯეროდა ამ სახლის მოჩვენებების, მით უფრო იზრდებოდა ეჭვებიც. ზოგი მკვლევარი მიიჩნევდა, რომ უცნაური ხმების ნაწილი ბუნებრივი მიზეზებით შეიძლებოდა ახსნილიყო, ზოგი კი მოვლენების განზრახ გაყალბებაზე საუბრობდა.

1939 წელს მამული ხანძარმა გაანადგურა, 5 წლის შემდეგ კი მისი ნანგრევებიც აიღეს, მაგრამ სახლის გაქრობასთან ერთად მისი საიდუმლო არ გამქრალა.

ვინ იყო შავებში ჩაცმული მონაზონი? რატომ ისმოდა სახლში უცნაური ხმები? და რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ის ამბები, რომლებმაც ბორლის რექტორატს ინგლისის მოჩვენებებით სავსე სახლის სახელი დაუმკვიდრა?

ფაქტები, ლეგენდები და ურთიერთგამომრიცხავი ცნობები დღემდე ერთმანეთშია არეული. შესაძლოა, სწორედ ამიტომ რჩება ბორლის რექტორატი ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად ინგლისის ისტორიაში.

✕