ეს კინო არ არის, ეს ნამდვილი ამბავია... - ალცჰაიმერით დაავადებულმა 77 წლის კაცმა მეუღლეზე ხელმეორედ იქორწინა

მოხუცი წყვილი

77 წლის ამერიკელმა მაიკლ ო’რეილიმ, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს დიაგნოზირებული, მეუღლესთან ხელახლა იქორწინა. ამის შესახებ გამოცემა Berkeleyside წერს.

ო’რეილიმ ლინდა ფელდმანზე პირველად 1987 წელს იქორწინა. მათ მოკრძალებული ცერემონია გამართეს და ერთად დაიწყეს სამი ბავშვის აღზრდა, რომლებიც წინა ქორწინებებიდან ჰყავდათ. მაიკლ ო’რეილი ნიჭიერი იურისტი იყო, იგი მუშაობდა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილედ, საოლქო პროკურორად და სამართალს ასწავლიდა.

2019 წელს, მას შემდეგ რაც დემენცია დაუდგინეს, ო’რეილიმ იძულებული გახდა პროფესიული კარიერა დაესრულებინა. ამერიკელი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, ხოლო 78 წლის ფელდმანი მას რეგულარულად აკითხავდა. ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ახლობლები, თუმცა ო’რეილი კვლავაც ცნობდა ფელდმანს და ყოველ ჯერზე სიყვარულს უხსნიდა. ერთადერთი, რაც არ ახსოვდა, ის იყო, რომ ისინი უკვე დაქორწინებულები იყვნენ, ამიტომ ერთხელ კიდევ სთხოვა ხელი და გული.

განმეორებითი ქორწინების ცერემონია მოხუცთა თავშესაფარში გაიმართა. ფელდმანმა ქორწილზე მეგობრები და ნათესავები მიიწვია. თავიდან ო’რეილი დაბნეული ჩანდა და ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა, თუმცა საბოლოოდ საყვარელ ქალს ერთგულების ფიცი მისცა და დღესასწაულზეც კი მოახერხა გართობა.

„ეს კინო არ არის, ეს ნამდვილი ამბავია და ეს სიყვარულის დღესასწაულია,“ - განაცხადა მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა. „არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით შეიკრიბა აქ ეს ხალხი, კოგნიტიური დარღვევების გამო თუ არა. მთავარი სიყვარულია.“