ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
1046 ოთახის საიდუმლო
1935 წლის 2 იანვარს, ახალგაზრდა მამაკაცი კანზასის სასტუმრო "პრეზიდენტის" 1046 ოთახში დასახლდა. რეგისტრატურაში როლანდ ოუენის სახელით დარეგისტრირდა და ადმინისტრატორს აცნობა, რომ ლოს ანჯელესიდან იყო. სასტუმროში შესვლისას მას ბარგი არ ჰქონია. თან ჰქონდა მხოლოდ კბილის ჯაგრისი, სავარცხელი და კბილის პასტა.
ამავე დღეს, 1046 ნომერში დამლაგებელი შევიდა. მისი თქმით, ოუენი შეშინებული ჩანდა. ფარდები ბოლომდე დახურული იყო და ოთახის სინათლის ერთადერთი წყარო პატარა სანათი გახლდათ. როდესაც ქალი დალაგებას მორჩა, სტუმარმა მას სთხოვა, რომ ოთახის კარი ღია დაეტოვებინა, რადგან იგი მეგობარს ელოდებოდა. მოგვიანებით, როცა დამლაგებელი ოთახში პირსახოცების შესატანად დაბრუნდა, მაგიდაზე წერილი დახვდა: "დონ, თხუთმეტ წუთში დავბრუნდები. დამელოდე." - იკითხებოდა ნაწერში.
მეორე დილას, ქალი ნომერში კვლავ დაბრუნდა. კარი გარედან იყო ჩაკეტილი. დამლაგებელმა იფიქრა, რომ როლანდი გასული გახლდათ, თუმცა, კაცი ოთახში დახვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ ის გარედან ჩაკეტა. ნომერი კვლავ ჩაბნელებული იყო. ცოტა ხნის შემდეგ, ტელეფონმა დარეკა. დამლაგებელმა ეს საუბარიც მოისმინა: "არა, დონ, არ მშია. ახლახან ვისაუზმე" ამბობდა ოუენი.
ამავე დღეს, მძღოლმა სახელად რობერტ ლეინმა სასტუმროს მახლობლად მამაკაცი აიყვანა. როგორც ჩანს, უცნობმა მამაკაცმა ლეინს უთხრა, რომ მეორე დღეს ვიღაცის მოკვლას აპირებდა. მოგვიანებით, ლეინმა მგზავრი ამოიცნო. როგორც აღმოჩნდა, ის როლანდ ოუენი გახლდათ.
იმავე ღამეს, როდესაც მოსამსახურე 1046 ოთახში სუფთა პირსახოცებით დაბრუნდა, მას უხეში ხმის მქონე კაცმა ოთახიდან გასვლა სთხოვა. მეორე დილით, სასტუმროს თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ნომერში ტელეფონი გამორთული იყო. ოთახში სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი გააგზავნეს. ბიჭმა სისხლის გუბეში მწოლიარე ოუენი აღმოაჩინა.
ერთი შეხედვითაც აშკარა იყო, რომ როლანდი აწამეს. როდესაც პოლიციამ ოუენს ჰკითხა, თუ ვინ გაუკეთა მას ეს, კაცმა უპასუხა, რომ არავინ. მისი თქმით, ის სააბაზანოში დაეცა და ჭრილობებიც ამის გამო ჰქონდა.
გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში როლანდ ოუენი არ არსებობდა. სინამდვილეში, მისი სახელი ჯონ დო გახლდათ. კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მის დამარხვას უცნობი ადამიანების სასაფლაოზე აპირებდნენ, თუმცა, საავადმყოფოში ანონიმური ზარი შევიდა. უცხო ადამიანი დაკრძალვის გადადებას ითხოვდა, იქამდე, სანამ დასაფლავებისთვის საჭირო ხარჯებს მოიპოვებდა. კაცის დაკრძალვაზე კი 13 ყვავილი და წერილი გააგზავნა. "მარადიული სიყვარული - ლუიზა" ეწერა წერილში.
1936 წელს ქალმა უცნობი მამაკაცის საქმის შესახებ შეიტყო და გაახსენდა, რომ "ოუენი" ძალიან ჰგავდა მისი მეგობრის დაკარგულ ვაჟს - არტემუს ოგლეტრის.
ოგლეტრის დედამ დაადასტურა, რომ მამაკაცი 1046 ოთახიდან მართლაც მისი შვილი იყო. მიუხედავად ამისა, საქმის საფუძვლიანად გამოძიება ვერ მოხერხდა.
პოლიციამ ვერც უცნობი დონის და ვერც ვინმე ლუიზას პოვნა შეძლო...