„ბავშვის ცხედარს ხელ-ფეხი თოკით ჰქონდა შეკრული...“ - ტრაგედია, რომელმაც ლატარიის გათამაშების წესები შეცვალა (უცხოეთი)

პოლიცია

1960 წელს ავსტრალიელმა წყვილმა, ბაზილი და ფრიდა ტორნებმა, გადაწყვიტა, ავსტრალიის მთავრობის მიერ გამართული ლატარიიდან ბილეთები შეეძინა. ლატარიის გამარჯვებული 100 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯილდოს იღებდა.

იმ დროისათვის, ეს თანხა, დაახლოებით, 2,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. ცოლ-ქმარმა მოულოდნელად გაიმარჯვა და ეს მათთვის ძალიან დიდი სიხარული იყო... მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, დიდი გამარჯვებიდან ერთი თვის შემდეგ მათი ვაჟი გრემი კრიმინალებმა გაიტაცეს...

მაშინ ავსტრალიაში სიდნეის ოპერის თეატრი შენდებოდა, რაც ხელისუფლებას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, ლატარია შეექმნათ და ამ გზით, დამატებითი შემოსავალი მიეღოთ. თუმცა, ჯილდოც, როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ სოლიდური იყო.

1960 წლის 1-ელ სექტემბერს ლატარიის შედეგები გამოცხადდა. გამარჯვებული 37 წლის მამაკაცი, ბაზილ ტორნი იყო, რომელიც სამხრეთ უელსში ცხოვრობდა. იმ დროისათვის, ლატარიის გამარჯვებულს ანონიმურად დარჩენის უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც, ბაზილისა და მისი ოჯახის შესახებ ქვეყანაში არსებული გაზეთების პირველივე გვერდებზე გამოქვეყნდა. გამოსახული იყო მათი ფოტოები, საცხოვრებელი ადგილი, დეტალური მისამართი. 

ბაზილ ტორნი მეუღლესთან, ფრიდასთან, 8 წლის ვაჟთან, გრემთან და 3 წლის ქალიშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ცოლ-ქმარმა ლატარიისთვის 10-მდე ბილეთი შეიძინა, მათ შორის კი 1 გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

1960 წლის 7 ივლისს გრემ ტორნმა ჩვეულებრივ დატოვა სახლი და სკოლისაკენ გაემართა. გზად მას ოჯახის მეგობარი, ფილისი უნდა დახვედროდა, რომელსაც ბიჭი სკოლაში თავის ორ შვილთან ერთად მიჰყავდა. როდესაც ფილისი დათქმულ დროს მივიდა, გრემი იქ არ დახვდა, სადაც ყოველდღე იდგა ხოლმე. კაცი ბავშვის ოჯახში წავიდა, რომ მისი ამბავი გაეგო. სახლში კი ეგონათ, რომ გრემი უკვე სკოლაში იყო. როდესაც სკოლაში დარეკეს, აღმოჩნდა, რომ ბიჭი არც იქ იყო. მალევე პოლიციაში განაცხადეს, თუმცა დაახლოებით 1 საათში მშობლებს უცნობმა ადამიანმა ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ მათი შვილი მასთან იყო.

გამტაცებელი ოჯახისაგან 25 ათას ფუნტ სტერლინგს ითხოვდა და თუ დათქმულ დროს თანხას არ მიიტანდნენ, ბავშვის მოკვლით იმუქრებოდა.

ავსტრალიის პოლიციამ ამბავი გაახმაურა, გამტაცებლის მოთხოვნებს არ დაემორჩილა და პრესკონფერენცია გამართა. ფაქტი გაზეთების პირველივე გვერდებზე აღმოჩნდა. როდესაც გამტაცებელმა ოჯახთან კიდევ ერთხელ დარეკა, მის ზარს პოლიციელმა უპასუხა. მან თქვა, რომ ფული ორ დიდ კონვერტში უნდა ჩაეწყოთ. თუმცა, მოულოდნელად ზარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე გათიშა. წაიკითხეთ სრულად