1732386875
არაადამიანური ღრიალით ეზოში გამოცვივდნენ. დათრგუნულნი, სასოწარკვეთილნი და გაოგნებულნი იყვნენ... - ზედაზნის მონასტრის სასწაული, რომელსაც 15-მდე თვითმხილველი ჰყავს
20 მაისს ტაძრის დღესასწაული „ზედაზნობა“ აღინიშნება - 13 ასურელი მამის ხსენების დღე, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. ამ ტაძარში მომხარდარი ამბის შესახებ nostal.ge წერს.
თავიდან კი ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო:
1993 წლის 23 მაისს 10-12-კაციანი ჯგუფი მსუბუქი მანქანებით ზედაზენს ესტუმრა. ტაძარს უცებ შემოურბინეს გარშემო და სუფრის თადარიგს შეუდგნენ, ეკლესიის მსახურთაგან ორი მაგიდა ითხოვეს, იქვე გაშალეს და ქეიფი გამართეს. მათ შორის ხუთი ქალი იყო; თავიდან ამინდი შესაფერისი ედგათ, მაგრამ მოულოდნელად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. მთაში ამინდი ხშირად იცვლება და ასეთი მოულოდნელი წვიმისათვის მნიშვნელობა არავის მიუცია. საღერღელაშლილ მოქეიფეებს სუფრა ადვილად არ ეთმობოდათ. წვიმამ იმძლავრა. ღვთისმსახურს ეკლესიაში სუფრის გაშლა სთხოვეს. ცხადია, უარი მიიღეს. მოქეიფეებმა წარბი არ შეიხარეს და თხოვნა კვლავ გაუმეორეს.
ტაძარში ქეიფი არ შეიძლება, მაგრამ მე ვერც პურობას აგიკრძალავთ. ამიტომ როგორც სინდისმა გიკარნახოთ, ისე მოიქეცითო, – მიუგო ღვთისმსახურმა, რაც მათ რატომღაც ნებართვად მიიჩნიეს, მაგიდებს ხელი წამოავლეს და სტოაში შეაფარეს. გარეთ ნამდვილი თავსხმა იყო. სტოაში კი სადღეგრძელო სადღეგრძელოს ცვლიდა. ბერთა სენაკს თავშეფარებული ღვთისმსახურნი კი საღამოს მწუხრის ლოცვისათვის ემზადებოდნენ.
ცაზე ამ დროს საშინლად იელვა და ძლიერმა გრუხუნმა მთებს გადაუარა, ბერებმა სარკმლიდან დაინახეს, როგორ დაეცა ზედაზნის მთის წვერს მეხი. ზედაზნის მთა სამიარუსიანია. პირველი მთის წვერია, ხოლო მესამე იარუსზე ზედაზნის ტაძარი დგას. ცოტა ხნის შემდეგ ელვა, გრუხუნი და მეხთცემა განმეორდა, მაგრამ ამჯერად ფანჯარასთან მდგომმა ბერმა თვალნათლივ დაინახა, რომ მეხი ზედაზნის მთის მეორე იარუსს დაეცა. ასეთ დროს იტყვიან, ტანი ავს მიგრძნობსო, მაგრამ მისი გაცნობიერება არც ჩვეულებრივ მოკვდავ ბერებსა და, მით უმეტეს, არც ბახუსის წიაღში ჩაძირულ მოქეიფეებს ძალუძდათ. ამასობაში სტოადან ხმაარეული კრიმანჭული წამოყელყელავდა და მოსახდენიც მოხდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მომხდარს თხუთმეტამდე თვითმხილველი ერთნაირად იხსენებს. მათი მონათხრობი იმდენად იდენტურია, რომ ეჭვის მცირე საფუძველსაც კი არ ტოვებს.
ტაძრის უკანა მხარეს, გალავანსა და სალოცავს შორის სივრცეში დიდი ცეცხლოვანი დისკო გაჩნდა, გაისმა საშინელი, არამიწიერი ჭახანი და დისკო გადაიქცა უზარმაზარ ხანძრად, რომელშიც ტაძარი მთლიანად დაინთქა. ცეცხლი იმდენად წითელი იყო, რომ ტაძრის კედლები გავარვარებულ ლითონისფრად აელვარდნენ. ცეცხლს ახლდა ძლიერი ხმა, რომელმაც არემარე გააყრუა. სალოცავს ისეთი ხმა დაეძგერა, რომ არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა.
ტაძარი გადარჩა.
შეშინებული მოქეიფეები არაადამიანური ღრიალით ეზოში გამოცვივდნენ. დათრგუნულნი, სასოწარკვეთილნი და გაოგნებულნი იყვნენ. რამდენიმე წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაეცა და ხელაპყრობილი ზეცას შეღაღადებდა. სხვები შეძრწუნებულნი წინ და უკან დარბოდნენ და შველას ითხოვდნენ. სენაკიდან ბერებიც მაშინვე გამოვიდნენ, მათზე არანაკლებ შეშფოთებულნი. ცეცხლოვანი დისკოს გასკდომასა და საშინელ ხმაურს წვიმის მომენტალური შეწყვეტა მოჰყვა. ეს ყოველივე იმდენად ძლიერი და მასშტაბური იყო, რომ იგი ჩვეულებრივ ელვასა და გრუხუნთან არავის გაუიგივებია, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მოხდა ნამდვილი სასწაული, რომელსაც ცოცხლები გადაურჩნენ. თუმცა ორმა მოქეიფეთაგანმა, – დამწვრები ვართო, თქვა. ერთი ზურგზე იმიზეზებდა დამწვრობას, მეორე – საჯდომზე. როდესაც დამწვარმა თეთრი პერანგი გაიხადა, ყველა განცვიფრდა – ზურგზე დიდი წრიული ფორმის დამწვრობა წითლად ღადღადებდა და ხელის მცირე შეხებაზეც მწარედ სტკიოდა. უცნაური ის იყო, რომ თვით პერანგს, რომლის შიგნითაც სხეული ასე დაიწვა, არაფერი ვნებია, არც მეორის სამოსს ეტყობოდა რამე, მაგრამ ტკივილი აშკარად აწუხებდა. იგი სკამზე იჯდა. წესით, სხეულის სწორედ ის ნაწილი არ უნდა დაშავებოდა, რომელიც ისე დაეწვა, რომ მანქანაში ვეღარ დაჯდა და მოიკუნტა.
მანამდე კი მოქეიფეები შეძრწუნებულები აღნიშნავდნენ, თუ როგორ შეზანზარდა კედლები და გამოტყორცნილი ქვები მაგიდაზე დაცვივდა. სტოა არაგვის ჭალის სიპებით ნაგები და გაულესავია, ამიტომ ქვის გადმონავარდნი აშკარად ემჩნეოდა, თვით ქვები კი მაგიდაზე ეყარა. თვითმხილველები იმანაც გააოცა, რომ ქვები ძირს თითქმის არ დაცვენილა. ეს ფაქტი სუფრის დაგმობისა და ჩაქოლვის ერთგვარ ასოციაციას იწვევს. თვითმხილველნი შეშინებულნი იხსენებდნენ: ცეცხლი სტოაში უზარმაზარი ხელის ფორმით შემოიჭრა, სუფრას მოეხვია, ჭახაჭუხითა და ლიწინ-ლიწინით მოიგრაგნა და ისევ შესასვლელ თაღში გაილიაო. მაგიდაზე ჭურჭელი, რა თქმა უნდა, დამტვრეული იყო, მაგრამ ერთგვარი კანონზომიერება თვით დამტვრეულ ჭურჭელსაც ემჩნეოდა. გატეხილი ჭიქები და თეფშები შუაზე გამსკდარიყო, მათ შორის – პლასტმასის სამგზავრო ჭიქებიც, მაშინ, როცა ისინი თითქმის არ იმტვრევა.
მომხდარი იმდენად ცხადი და შთამბეჭდავი იყო, რომ მოქეიფეები შიშით ერთბაშად გამოფხიზლდნენ, ამოსვლისას, რაკი ცოცხალი გადავრჩით, მცხეთაში რესტორანს ვკისრულობთო, თქვეს და ეკლესიის მსახურნიც დაპატიჟეს. ბერებმა მადლობა გადაუხადეს, ხელი ჩაიქნიეს და დასცილდნენ იმ ხალხს, რომლებსაც ლამის ცა ჩამოენგრათ თავზე, მაგრამ საჭირო დასკვნა მაინც ვერ გამოიტანეს.
საინტერესოა, რას ნიშნავდა ზედაზნის მთის წვერიდან ტაძრამდე მეხის საფეხურებრივი ჩამოსვლა, უცნაური დისკო, ტაძარს შემოვლებული უზარმაზარი ცეცხლი, შემზარავი ჭახანი და შემაძრწუნებელი გრუხუნი; წვიმის მოულოდნელი წამოსვლა და მომენტალური შეწყვეტა; სტოას კედლებიდან მაგიდაზე ქვების გადმოცვენა და უცნაური კანონზომიერებით დამტვრეული ჭურჭელი. კიდევ ერთი: ეს ყოველივე, როგორც უკვე ითქვა, 23 მაისს მოხდა, ანუ ზედაზნობის დღესასწაულიდან მესამე დღეს.
სტატია დაიბეჭდა გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“ 1994 წლის 18 იანვარს
წყარო: nostal.ge