27 წლის წინ გატაცებული მოზარდი მეზობლის ჭაში დატყვევებული იპოვეს - ამბავი, რომელსაც ახსნა ვერ მოუძებნეს

გატაცებული

ომარ ბინ ომრანის შემთხვევამ ყველა შოკში ჩააგდო. მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მედიაში 12 მაისს გავრცელდა. ალჟირის პატარა ქალაქში აღმოაჩინეს მამაკაცი, რომელსაც თითქმის 30 წელი ეძებდნენ.

ომარ ბინ ომრანი 1996 წელს 17 წლის ასაკში გაუჩინარდა: ის სკოლაში დილით ადრე წავიდა, მაგრამ გაკვეთილების შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა. იმ დროს ქვეყანაში რთული პერიოდი იყო - სამოქალაქო დაპირისპირება პიკს აღწევდა, ადამიანები ყოველდღე ქრებოდნენ და კვდებოდნენ, ამიტომ მშობლები შვილის გაუჩინარებას საომარი მოქმედებების ჩატარებას უკავშირებდნენ. როდესაც ომარი გაუჩინარა, იფიქრეს, რომ თავდასხმების დროს დაიჭრა და გარდაიცვალა ან ისლამისტური ჯგუფის წევრებმა გაიტაცეს.

წლები ისე გავიდა, რომ ომარი ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც გარდაცვლილი. ბოლოს ოჯახმა ხელი ჩაიქნია და ბედს შეეგუა. თუმცა, როგორც გაირკვა, ომარი 27 წლის განმავლობაში საკუთარი სახლიდან 200 მეტრში იმყოფებოდა. ის ხანში შესულმა მეზობელმა თივით სავსე ჭაში ჩააგდო. რა მიზნით გააკეთა მან ეს, ამჟამად სამართალდამცავები იძიებენ.

საქმე მოულოდნელად გაიხსნა. გამტაცებლის ძმა, რომელსაც მემკვიდრეობის გაყოფა არ სურდა, პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ მის ძმას ბიჭი ჰყავდა დატყვევებული. გეგმამ მართლაც გაამართლა. ახლა 61 წლის გამტაცებელს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

თავად ომარი ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. მას ყოველდღიურად სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უტარდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულმა პატიმრობის მთელი დრო ამოვსებულ ჭაში ისე გაატარა რომ მზის შუქი არ უნახავს. 

გამტაცებელმა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მსხვერპლი ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიაჯაჭვა და ომარი მათი გავლენის ქვეშ 27 წლის განმავლობაში რჩებოდა.

ომარის დედა, სამწუხაროდ, მის გამოჩენას ვერ მოესწრო. ქალი 2013 წელს ისე გარდაიცვალა, რომ შვილის შესახებ არაფერი იცოდა. გამტაცებელმა ამავდროულად ომარის ძაღლიც მოკლა. როგორც ცნობილია, ძაღლი 17 წლის მოზარდის ადგილსამყოფელს გრძნობდა, ჭასთან მიდიოდა და იქ რჩებოდა. გამტაცებელმა იფიქრა, რომ ამ გზით ოჯახს შვილის კვალზე გასვლა შეეძლო და ამიტომ, ძაღლი მოკლა. ახლა სამართალდამცავები დანაშაულის ჩადენის მოტივს იკვლევენ და ცდილობენ, დაადგინონ, რატომ გაიტაცა მეზობელმა 17 წლის ბიჭი და როგორ ცხოვრობდა ის მთელი ამ დროის განმავლობაში.