„20 წუთის განმავლობაში ვურტყით ერთმანეთს...“ - აქამდე უცნობი ამბავი ირაკლი ამირეჯიბზე

ირაკლი ამირეჯიბი

ჭაბუა ამირეჯიბის შვილზე, ირაკლი ამირეჯიბზე, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა, თემო გვალია ემოციურ ამბავს იხსენებს.

1982 წელი იყო. მე და ჩემი მეგობრები ვიყავით დასასვენებლად სოხუმში. ვცხოვრობდით სასტუმრო "თბილისში". ახალგაზრდები ვიყავით , ასე 20-21 წლისები და რა თქმა უნდა "ვმარიაჟობდით" გოგოებთან.

ერთ საღამოსაც მე და ჩემი ორი მეგობარი ბულვარით გავუყევით გზას სასტუმრო "აფხაზეთისაკენ". ნასვამები ვიყავით. იქ ცხოვრობდნენ ჩვენი მეგობარი გოგონები.

მივედით და აივნიდან ისმის ხმა: ჩამოვდიიივართ!

მართლაც ცოტა ხანში ჩამოდიან და ღიმილით მოემართებიან ჩვენსკენ. ჩვენ სასტუმროდან ასე 50 მეტრში ვდგევართ და ვეწევით. უცებ ჩემი რჩეული ვიღაცა ბიჭმა გააჩერა და რაღაცას ელაპარაკება. გოგოს სახეს შევხედე და მივხვდი, უცნობს ესაუბრებოდა. მივედი, გოგონა გადავკოცნე და ახალგაზრდას, რომელიც ასევე ნასვამი აღმოჩნდა, მივესალმე. არ მინდა დეტალების მოყოლა. მოკლედ ჩემსა და ამ ახალგაზრდას შორის მოხდა შელაპარაკება. ვინაიდან ხალხმრავალ ადგილზე ვიმყოფებოდით, უცნობს ვეუბნები: სასტუმროს უკან ვარდების ბაღთან გამოდი და იქ ვილაპარაკოთ-მეთქი. მიდი და მოვალო. თითქმის ერთ დროს მივედით ორივე. ერ ხმამაღლა ვიკამათეთ და შემდეგ ატყდა მამაპაპური, კაცური ჩხუბი. ალბათ სადღაც 20 წუთის განმავლობაში ვურტყით ერთმანეთს. დასისხლიანებულები ვართ და მაინც არ ვჩერდებით. ვიბრძვით ბოლომდე...

იქვე "პუსტა-პუსტა" მილიციონერები არიან და ვერ გვაშველებენ,ერთ-ერთს ცოტათი მოხვდა კიდეც. ჩხუბით შევედით უნებლიეთ ვარდების ბაღში. იქაურობა ფეხებით "მოვთიბეთ", უცებ საიდანღაც მოვარდა მილიციელების ჯგუფი. გაგვკოჭეს, შეგვაგდეს "კანარეიკაში" და მიგვაბრძანეს განყოფილებაში. სხვადასხვა ოთახებში შეგვყარეს და გვითხრეს დილამდე ჭკვიანად მოვქცეულიყავით, თორემ დაგვხოცავდნენ ცემით. მოკლედ დილას, ასე 10 საათზე კარები იღება და მორიგე მილიციელი მეუბნება: გამოდი, უფროსთან უნდა შეგიყვანოო... შევედით მილიციის უფროსის კაბინეტში. იმან დამიწყო ჯერ ყვირილი, შემდეგ შერცხვენა, ვარდების ბაღი როგორ გადათელეო, ბოლოს ჭკუა დამარიგა და მითხრა, ახლა წადი, მაგრამ აქ მეორედ რომ მოხვდე, იცოდე, ცას დიდი ხანი ვეღარ იხილავო. წადი, თავისუფალი ხარ!...
ვეკითხები ,მე ვისაც ვეჩხუბე იმას რა მოელის-მეთქი?

მპასუხობს: მაგას მე ვიცი როგორ მივხედავო!

ვეუბნები: მე არსად არ წავალ, სანამ იმ კაცსაც არ გაანთავისუფლებთ-მეთქი! და მორიგეს ვეუბნები: დამაბრუნე იმ ოთახში, სადაც ვიჯექი!
მილიციის უფროსს გაეცინა და მითხრა: ის კაცი გარეთ დგას და გელოდება. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ყოფილა. ნახევარი საათის წინ რომ გამოვიყვანეთ ოთახიდან და ვუთხარი წადი, თავისუფალი ხარო, მანაც იგივე მითხრა, არსად არ წავალ, სანამ იმ კაცს არ გაანთავისუფლებთ ვისთანაც ჩხუბი მომივიდაო. ჰოდა მაგიტომ გიშვებ, თორემ გაყურყუტებდი აქ რამდენიმე დღეო. ირაკლის უნდა უმადლოდეო...

გავედი გარეთ. მილიციის ეზოში სკამზე ზის "ჩემი მოწინააღმდეგე". მივედი, წამოდგა.ე რთმანეთის დალეწილ სახეებს რომ შევხედეთ უცებ ორივეს სიცილი აგვიტყდა. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, გადავეხვიეთ და გავედით მილიციის ეზოდან.იმ დღიდან ვმეგობრობდით წლების განმავლობაში. ხშირად ვქეიფობდით ერთად... ამ ამბავს ვიხსენებდით. ერთმანეთს ვეკამათებოდით ვინ უფრო იცემა მაშინ და ვიცინოდით...ზუსტად ათი წლის შემდეგ ირაკლი ამირეჯიბი გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში, ტამიშთან ახლოს...ნათელში იყოს კარგი კაცის ირაკლი ამირეჯიბის სული და ყველა მათი, ვინც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა“,-წერს თემო გვალია.