მოსალოდნელია ძალიან ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები – აპრილის მძიმე დღეები

მაგნიტური ქარიშხალი

ყოველთვიურად არის დღეები, როდესაც სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, სხვების  მდგომარეობა და განწყობა კი, პრაქტიკულად, არ იცვლება. ეს ხშირად გამოწვეულია მაგნიტური ქარიშხლებით, რომელთაგანაც ბოლო გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე 24 მარტს დაფიქსირდა. ინტენსივობიდან გამომდინარე, მაგნიტურ ქარიშხალს შეიძლება ჰქონდეს მეტ-ნაკლები გავლენა, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა ან ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებზე.

გეომაგნიტური შტორმები 2024 წლის აპრილში

გეომაგნიტური ანუ მაგნიტური, ქარიშხალი არის დედამიწის გეომაგნიტური ველის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია მზეზე აფეთქებებით. ამ აფეთქებებს, როგორც წესი, თან ახლავს მზის პლაზმის გამოფრქვევა, რომელიც, თუ ჩვენს პლანეტამდე მოაღწევს, მაგნიტურ ქარიშხალს იწვევს. საერთო ჯამში, მზეზე აფეთქებები რენტგენული გამოსხივების სიძლიერის მიხედვით ხუთ კატეგორიად იყოფა: A, B, C, M, X (მინიმალურია A0.0). მაგნიტური ქარიშხლების რაოდენობა სხვადასხვა წელს შეიძლება სხვადასხვა იყოს – მაგალითად, 2023 წელს 20-ზე მეტი დაფიქსირდა, მაგრამ მათგან მხოლოდ სამმა მიაღწია მაქსიმალურ მაჩვენებლებს.

მაგნიტური ქარიშხლების სიძლიერე ხუთპუნქტიან სკალაზე იზომება, რომელიც ლათინური ასო G-თი აღინიშნება:

– G1, სუსტი ქარიშხალი – შეიძლება გამოიწვიოს მცირე ხარვეზები დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მუშაობაში;

– G2, საშუალო სიძლიერის შტორმი – შესაძლებელია ძაბვის აწევა, რადიოკავშირის შეფერხებები და ტრანსფორმატორების დაზიანება;

– G3, ძლიერი ქარიშხალი – შეიძლება გამოიწვიოს სატელიტური ნავიგაციის შეფერხება;

– G4, ძალიან ძლიერი ქარიშხალი – ამ დონეზე ლითონის ობიექტებში და სადენებში შესაძლებელია ელექტროდენების გენერაცია;

– G5, უკიდურესად ძლიერი ქარიშხალი – შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება თანამგზავრების და ელექტროქსელების მუშაობაში.

გეომაგნიტური ვითარება მუდმივად იცვლება, ამიტომაც ძლიერი ქარიშხლის წინასწარ ზუსტად პროგნოზირება ძნელია. მაგალითად, 2024 წლის მარტის ბოლოს დაფიქსირებული ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი მეცნიერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაშინ მზის ქარის სიჩქარე ჩვენი პლანეტის სიახლოვეს დაახლოებით 800 კმ/წმ-ს შეადგენდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ნორმალურ დონეს. გეომაგნიტური ველის შესაძლო აღშფოთებების სავარაუდო განრიგი 27 დღით ადრე დგება და მუდმივად ახლდება.

3 აპრილიდან 5 აპრილამდე მეცნიერები მზეზე აღშფოთებებს პროგნოზირებენ, მაგრამ ეს ქარიშხალი შეფასებულია, როგორც სუსტი და შეიძლება ამინდზე დამოკიდებული ადამიანებისთვისაც კი შეუმჩნეველი იყოს. ამის შემდეგ დედამიწის მაგნიტოსფერო კვლავ დამშვიდდება.

შემდეგი რყევები დედამიწის გეომაგნიტურ სივრცეში 9-იდან 11 აპრილამდეა მოსალოდნელი, მაგრამ არც ამჯერად იქნება ძალიან ინტენსიური.

მეცნიერთა აზრით, ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დედამიწას 19-იდან 22 აპრილამდე დაფარავს და მისი სიმძლავრე 5 ბალს მიაღწევს – მზის აქტიურობა ყოველდღიურად გაიზრდება.

გარკვეული დამშვიდების შემდეგ, 29-30 აპრილს ისევ მოსალოდნელია ინტენსიური აღშფოთებები და ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი.

როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხლები ადამიანის ჯანმრთელობაზე

ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენას სწავლობს ცალკე სამეცნიერო მიმართულება – ჰელიობიოლოგია, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა კავშირში ადამიანის დაავადებების განვითარებასთან მზის აქტივობის ცვლილებები და გეომაგნიტური ქარიშხლები.

გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ყველაზე ხშირად ვლინდება ამინდზე დამოკიდებულ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

თავის ტკივილი

სისუსტე

თავბრუსხვევა

გულისრევა

სახსრებისა და კუნთების ტკივილი

არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა

ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

გააკონტროლეთ არტერიული წნევა;

თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);

თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;

შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;

დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად – წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გიყვართ, თაფლით დაატკბეთ;

რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;

მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.