ვინ და რა პირობით განთავისუფლდება სასკოლო ფორმის ტარებისგან - მინისტრის განმარტება

სასკოლო ფორმები

თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება, სკოლა მშობელთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომლის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.

„თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესების და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით“, - დასძინა მიქანაძემ.