ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

Kiu

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას - „ალგებრა, ანალიზი და გამოყენებები“ და ასევე, საერთაშორისო საზაფხულო სკოლას - „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“ მასპინძლობს. მასში, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები მონაწილეობენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ალექსანდრე მესხმა. სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, KIU-ს მათემატიკის სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი ნიკა გაგუა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (კანადა) აფილირებული წევრი, პირველად მასპინძლობს კანადელ მათემატიკოსებს.  კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მეცნიერები წარმოადგენენ დარგის უახლეს შედეგებს ალგებრის, ანალიზისა და მათი გამოყენებების მიმართულებებით. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის წინაშე არსებულ გამოწვევებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობა - „შპრინგერის“ სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა. გამოფენილი წიგნები უსასყიდლოდ გადაეცემა KIU-ს ბიბლიოთეკას.

მათემატიკის წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია KIU-ს სტუდენტებისთვის გამორჩეულია. წელს პირველად პარალელურ ფორმატში გაიხსნა რეგიონალური საზაფხულო სკოლა - „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისათვის“. ამ სკოლის ფარგლებში ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს ლექციებს წაუკითხავენ დარგის წამყვანი მეცნიერები. საზაფხულო სკოლის საუკეთესო სტუდენტებს გამომცემლობა  „შპრინგერი“ ფასიანი ვაუჩერებით დააჯილდოვებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება უნიკალური სამეცნიერო ლიტერატურის შეძენა.

აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენციის სატელიტ კონფერენციას, KIU-ში მეორედ იმართება. საერთაშორისო კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლები, ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (კანადა).

საერთაშორისო კონფერენცია და საზაფხულო სკოლა KIU-ში 10 სექტემბერს დასრულდება.