სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო წელი დაიწყო. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ახალი აკადემიური წლის დაწყების აღსანიშნავად, მაგისტრანტებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. მან ახალგაზრდებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრას დაესწრნენ KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სალომე ციმაკურიძე, KIU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის სკოლების, ასევე სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად, 2025-2026 აკადემიურ წელს ორი ახალი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებით იწყებს. ესენია: „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა (IP, In& En)“ და „ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ECSY)“.
ერთწლიანი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა ( IP, In& En)“ WIPO-ს რიგით მე-19 საერთაშორისო პროგრამაა და მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სტუდენტზე მორგებული გრაფიკით, ჰიბრიდულ რეჟიმში და მას უძღვებიან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი პროფესორები. სამაგისტრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება ინტელექტუალური საკუთრების მართვის, ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართულებით. პროგრამას ხელმძღვანელობს სამართლის დოქტორი გვანცა გუგეშაშვილი, რომელიც დღევანდელ შეხვედრას დისტანციურად დაესწრო.
„ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ECSY)“ - ახალი სამაგისტრო პროგრამა კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტთან (RPTU) თანამშრომლობით ხორციელდება (გერმანია). ორმაგი ხარისხის, ორწლიანი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა იძლევა მაღალტექნოლოგიური განათლების, საერთაშორისო გამოცდილებისა და ინდუსტრიული პრაქტიკის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. პროგრამას ხელმძღვანელობს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ია მოსაშვილი. ამავე პროგრამას ჰყავს გერმანელი თანახელმძღვანელი, პროფესორი ვოლფგანგ კუნცი (კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტი).
ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) KIU-ში უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება, ევროპის ერთ-ერთ ლიდერ, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. მასში TUM-ის, ტორონტოსა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები არიან ჩართულნი. FIM სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და FIM პროგრამის თანადამფუძნებელია. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სტუდენტზე მორგებული გრაფიკით. პროგრამა აერთიანებს ციფრულ ფინანსებს, მენეჯმენტს, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკას.
სამივე სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს მოამზადებს დასაქმების გლობალური ბაზრისთვის, კვლევისა და შესაბამის სექტორებში დასაქმებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე", - აღნიშნულია უნივერსიტეტის ინფორმაციაში.