პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით რიგით მეოთხე სკვერის ბიბლიოთეკა ქალაქ გორში გაიხსნა

ბუდე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტი „წიგნის ბუდე“, რომელიც ითვალისწინებს სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თემატური  სალექციო კურსის თანხლებით.  ამჯერად რიგით მეოთხე წიგნის ბუდე, რომელიც  გორის ციხესიმაგრის პროტოტიპია,  ქალაქ გორის

თეატრის ეზოში განთავსდა. სკვერის ბიბლიოთეკის დამონტაჟების იდეა ასეთია : პროექტის ფარგლებში მოწყობილი წიგნის ბუდიდან  ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი წიგნი აარჩიოს, ადგილზე წაიკითხოს  ,ან სულაც სახლში წაიღოს, შემდეგ დააბრუნოს, ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს.

გორში სკვერის ბიბლიოთეკის გახსნის პარალელურად, ადგილზე სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი გამოფენა მოეწყო, რომელიც სიმბოლურად, საქართველოში გერმანელების ყოფა-ცხოვრებას ეძღვნება.

სკოლის მოსწავლეებსა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ მიმართა, რომელმაც ქართველებისა და გერმანელების ურთიერთობა მიმოიხილა და  წიგნის, როგორც განათლების მთავარ ღირებულებაზე ისაუბრა.

„პროკრედიტ ბანკის“ მარკეტინგის სპეციალისტმა თამარ ვაჩნაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლება და მომავალ თაობაზე ზრუნვა უპირველესია და გერმანული ბანკი მუდამ მზად არის მსგავს პროექტებში მონაწილეობისთვის.“

ღონისძიების დასასრულს ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა ახალგაზრდებს წაუკითხა  ლექცია „ რატომ ვკითხულობთ წიგნებს“  და ამასთან  მსგავსი ინიციატივების  მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და „პროკრედით ბანკის“ მხარდაჭერით, „წიგნის ბუდე“ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნება.