პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ - გივი მიქანაძე

მიქანაძე

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს.

„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი, გარკვეულწილად, გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ.

მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით საგამონაკლისო წესით, ერთჯერად იქნა მიღებული“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამებზე.

„თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები.

თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს სწავლას სახელმწიფო სრულად უფინანსებს, რაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის.

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის შექმნილი თითოეული ახალი შესაძლებლობა არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.