მარიამ ლაშხმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

მარიამ ლაშხმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების დელეგატ დავით კაჭარავასთან ერთად ახლად რეაბილიტირებულ 53 -ე სკოლას ეწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას. მსურს, განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე პირველკლასელებს, მათთვის დღეს პირველად დაირეკა სკოლის ზარი, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა.

პირველკლასელებს, სახელმძღვანელოებთან ერთად გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები, რაც მათ  შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე გამოწვევებსა და მოთხოვნებზე მორგებული მეთოდებით მიიღონ განათლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პირობები, რაც განახლებული და გარემონტებული სკოლის სივრცეში მოსწავლეებს ხვდება. სკოლამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ცოდნის მიღება, არამედ ჯანსაღი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქის აღზრდა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

53-ე სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად  სასწავლო სივრცეები განახლდა. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.

წელს, პირველ კლასში 42 000-მდე მოსწავლე საჯარო სკოლაში, ხოლო 7000-მდე კერძო სკოლაში იწყებს სწავლას.