გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ლონდონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების - Edsby-ის, Times Higher Education-ისა და Google For Education-ის ხელმძღვანელ პირებთან.

Edsby LMS წარმოადგენს სწავლა-სწავლების მართვის მრავალფუნქციურ და უნივერსალურ  სისტემას, რომელიც მორგებულია მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების, სკოლის ადმინისტრაციისა და სამინისტროს საჭიროებებზე. ზოგადი განათლების გაძლიერების მიზნით იგეგმება ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება, მონაცემების მოგროვება, აგრეგაცია და ანალიტიკის სისტემის დანერგვა.

მინისტრმა Edsby-ის წარმომადგენელთან შეხვედრისას  სწორედ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა, მათ შორის საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალურად დაცვის საკითხებს.

ბრიტანული ორგანიზაციის Times Higher Education (THE) წარმომადგენლებთან შეხვედრისას კი გიორგი ამილახვარმა ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის შესახებ იმსჯელა, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ჩაატარა. 
კვლევის მიზანი იყო ბრიტანულ-ქართული ტრანსნაციონალური განათლების განვითარების შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და, ამ კუთხით, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების რეკომენდაციების შემუშავება.

მხარეებმა შეაჯამეს კვლევის შედეგები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

ფორუმის ფარგლებში, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა მინისტრმა Google For Education-ის წარმომადგენლებთან გამართა, რომელთანაც პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.