საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3 პროცენტით გაიზარდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 155.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 845.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 9.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 310.7 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 10.8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ივლისში, 6 465.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 752.4 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 600.1 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 499.5 მლნ. აშშ დოლარით.