საქსტატი: 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში როგორც მშენებლობაზე გაცემული ნებართვების, ისე ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა შემცირდა

მშენებლობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.8 პროცენტით ნაკლებია.

საუბარია 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

საქსტატის ცნობით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის 2 452 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლებია.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.