საქართველოს ეკონომიკა მეოთხე წელია სტაბილურად მაღალ ტემპებს ავითარებს - სოსო არჩვაძე

სოსო არჩვაძე

2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3 პროცენტია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც კანდიდატ, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა გავლენიანი ორგანიზაციის რეიტინგში, საქართველოს პოზიციები შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მაჩვენებელი ასევე ყველაზე მაღალია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის ინდექსში და კორუფციის ინდექსის აღქმის მიხედვით.

"დემოკრატიული და ფუნქციონირებადი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაზრდა საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია. ფაქტები ყველაფერს ამბობს - საქართველო ორივე მიმართულებით ლიდერობს," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს.

"საქართველოს ეკონომიკა უკვე მეოთხე წელია სტაბილურად მაღალ ტემპებს ავითარებს. ინსტიტუციური სისტემა არის უზრუნველყოფილი. რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღება ხელისუფლების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ და შენარჩუნებულია მშვიდობა," - აცხადებს არჩვაძე.

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე კი აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პროგნოზით მაღალი ზრდის დინამიკა აქვს.

"სავალუტო ფონდმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ჩვენ ყველა პროგნოზით გვექნება რეგიონში და ევროკავშირში ყველაზე მაღალი ზრდის დინამიკა. გვექნება გაზრდილი სამუშაო ადგილები და მაღალი ზრდა არის ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავლები რაც ასევე აისახება ჩვენს შემოსავლებზე," - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.