ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან - სამოქმედო გეგმა
1790712944
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 145.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 1.4% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობაც მნიშვნელოვნად შემცირდა და 2.5% შეადგინა.
ეკონომიკის ნაკლებად იმპორტინტენსიური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფონზე, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქონლით ვაჭრობის ბალანსმა შეიტანა. კერძოდ, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კვლავ მზარდია. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 20.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ამავე პერიოდში საქონლის იმპორტი 10.1%-ით გაიზარდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების ფონზე, სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურად 2.7 პპ-ით გაუმჯობესდა და 14.9% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობის გაუმჯობესებას ასევე ხელი შეუწყო შემოსავლებისა და მიმდინარე ტრანსფერების ანგარიშის გაუმჯობესებამ. ამავდროულად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ კომპიუტერული და საინფორმაციო (ICT) მომსახურების ექსპორტმა შეიტანა, რომელიც წლიურად 79.8%-ით გაიზარდა და მშპ-ის 3.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ICT სექტორის დადებითმა დინამიკამ მნიშვნელოვნად დააბალანსა მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირების უარყოფითი გავლენა მომსახურების ბალანსზე. ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლება ზომიერი იყო, რადგან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემცირებული შემოსავლები სხვა ქვეყნებიდან მზარდმა შემოდინებებმა დააბალანსა. კერძოდ, მეორე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით, ხოლო მათი მშპ-სთან ფარდობა 1.8 პპ-ით 10.5%-მდე შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება, რომლის მოცულობამ 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 4.5% შეადგინა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.