ეროვნული ბანკი: თებერვალში, იანვართან შედარებით ინფლაცია 0.2 პროცენტით გაიზარდა

ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.2%- ით მოიმატა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, გასული წლის მეორე კვარტლიდან სამიზნე 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია ძირითადად სურსათით არის გამოწვეული, რაც თავის მხრივ მეტწილად საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ ფაქტორებს უკავშირდება. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე სურსათზე ფასების მატება, ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდიდა.

„საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება და თებერვლის მდგომარეობით 2.4% შეადგინა. თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს გაზრდილი ფასისა და ქალაქის შიგნით ავტობუსით მგზავრობის გაძვირებამ, საბაზო ინფლაცია მცირედით დააჩქარა. რაც შეეხება მომსახურების ინფლაციას, თებერვლის მდგომარეობით 3.1%-ს შეადგენს. საბაზო და მომსახურების ინფლაციის მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნება გრძლევადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის მანიშნებელია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, თებერვალში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი ოქროს ბეჭდის და ქალაქის შიგნით მგზავრობის გაძვირებაა, რამაც თვის ინფლაცია ჯამში 0.2 პპ-ით გაზარდა. ამის საპირისპიროდ, იმერული ყველის და შოკოლადის გაიაფებამ თვის ინფლაცია დაახლოებით ამდენითვე შეამცირა.

„წლიურ ჭრილში, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად კვლავ სურსათის გაძვირება აისახება. თებერვალში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 9.5%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს აქვს (0.9 პპ). ძროხის ხორცის, იმერული ყველის, კარტოფილისა და შოკოლადის გავლენა ინფლაციაზე ჯამში 1.1 პპ-ს შეადგენდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 5.9%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.5 პპ-ით გაიზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახდელი2 მოქმედებდა (-0.12 პპ). ამავდროულად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეული პროდუქტების ფასების წლიური შემცირება ინფლაციას ამცირებს“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია კი 6.2%-მდე გაიზარდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ოქროს გაძვირებამ შეიტანა. ამის გარდა, ამ კატეგორიაში დიდი წვლილი ზეთზე, კარტოფილსა და შოკოლადზე მოდიოდა. იმპორტირებული პროდუქტების ფასების წლიურმა დეფლაციამ 0.7% შეადგინა. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაციაზე ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მოქმედებდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.