რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6806-დან 2.6561- მდე, ანუ 0.9%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.1315-დან 3.0621-მდე, ანუ 2.2%-ით გამყარდა.
მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6453 და 3.0156 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6693 იყო, მინიმალური კი – 2.6453. ივნისში, დოლარის საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე მეტად იყო გადახრილი.
„ივნისში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში, თურქულმა ლირამ, როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გაუფასურება განაგრძო. თვის ჭრილში, ასევე გაუფასურდა ევრო და რუსული რუბლი. მცირედ გამყარდა სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ლარს, გამყარება შეინიშნება როგორც თვიურ, ასევე წლიურ დონეზე. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. კერძოდ, ივნისში წლიურად 3.8%-ით, თვის ჭრილში კი 1.7%-ით გამყარდა.
რაც შეეხება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, იგი წლიურად 1.3%-ით, თვის ჭრილში კი 1.6%-ით გამყარდა. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გამყარების მიმართულებით მოქმედებდა, თუმცა წლის ჭრილში ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან ინფლაციის მაღალი დიფერენციალი რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით აისახებოდა. ჯამურად, ნომინალური კურსის გამყარება და ინფლაციებს შორის დიფერენციალი ერთმანეთს აბალანსებს, რაც ბოლო თვეებში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის დონის მის წონასწორულ დონესთან ახლოს შენარჩუნებას განაპირობებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.