1765919119
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
მისასალმებელია გადახდის მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენციის ზრდის წახალისება, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში.
საუბარია ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მესამე მოსმენით მიიღო და ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს.
ცვლილების მიხედვით, საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის. ანგარიშის ქონა პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ანგარიშსწორება განახორციელონ კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს კომერციულ ბანკებზე დამოკიდებულებას, ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს. შედეგად, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციები შესრულდება უფრო სწრაფად და მოქნილად.
აღნიშნული ცვლილებებით, ღია ბანკინგში ჩართულ არასაბანკო ინსტიტუტებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიონ კომერციულ ბანკებს, დანერგონ ინოვაციური გადახდის სერვისები და მომხმარებელს შესთავაზონ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურება.
გარდა ამისა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ის დავების განმხილველი კომისიის სადაო საგნის ღირებულება 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება.
ამავე ცვლილებების მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით 10-16 დეკემბერს იმყოფებოდა საქართველოში. მისიის წევრებმა შეაფასეს ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები, ასევე რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.









