აჭარის ტურისტულ პროდუქტებს დუბაის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

გაცნობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. ახლო აღმოსავლეთის  მნიშვნელოვან გამოფენაზე აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევდა პოპულარიზაციას. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით ვიზიტორების ინტერესი იყო მაღალი, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის სამთო-საზღვაო ტურისტული მიმართულებების, სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ინფლუენსერებთან, საერთაშორისო მედიაგამოცემების, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. 

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორისაა ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, ჩინეთის, ფრანქფურტის, ინდოეთის, ყაზახეთის, უნგრეთისა და ისრაელის გამოფენები. გარდა გამოფენებზე აჭარის პოპულარიზაციისა, რეგიონის შესახებ არაერთი მასალა გამოქვეყნდა საერთაშორისო გამოცემებსა და უცხოელი ინფლუენსერების გვერდებზე. წელს, აჭარას ბლოგერები პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან სტუმრობდნენ. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.