1758658955
ზელენსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინა მზად, არის ოკუპირებული ტერიტორიები მომავალში დიპლომატიური გზით დაიბრუნოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინა მზად, არის ოკუპირებული ტერიტორიები მომავალში დიპლომატიური გზით დაიბრუნოს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.
„დღევანდელ ვითარებას თუ შევხედავთ, ხვალ თუ ცეცხლი შეწყდება, თუ ჩვენ ძალა არ გვექნება, რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ, მაშინ მზად ვართ, ამაზე ვისაუბროთ. მზად ვართ, რომ ისინი მომავალში დავიბრუნოთ დიპლომატიური გზით და არა იარაღით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი კომპრომისია. ყველა ამბობს, რომ ასეთი საკითხები ახლა დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
„ჩვენ ეს არ შეგვიძლია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.