ვარკეთილში, ლევან მაჭავარიანის ქუჩაზე უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ გამწვანებული დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

გარაჟი

ვარკეთილში, ლევან მაჭავარიანის ქუჩაზე, N12 კორპუსის მიმდებარედ უსახური ნაგებობებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გამწვანებული დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქისთვის და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, ქალაქში ძალიან ბევრია ასეთი უსახური ნაგებობები, რომელსაც მოსახლეობა არ იყენებს. ეს არის 90-იანი წლებიდან შემორჩენილი ნაგებობები. მადლობა მოსახლეობას თანამშრომლობისთვის. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. მოსახლეობის ჩართულობით, ხდება სივრცეების გამოთავისუფლება  და ახალი პროექტების განხორციელება, რასაც, რა თქმა უნდა, ისევ მოსახლეობა იყენებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სამგორის რაიონის გამგეობა, მოსახლეობასთან კოორდინაციით, თანამედროვე, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს.

„სამუშაოები, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდება. პროექტი მოიცავს გამწვანებული არეალების შექმნას, სასეირნო ბილიკებისა და საბავშვო  სივრცის მოწყობას, სარწყავი სისტემისა და განათების მონტაჟს. პროექტის მიზანია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, ამორტიზებული, უკანონო და უსახური ნაგებობების თანამედროვე ფუნქციური სივრცით ჩანაცვლება და მოსახლეობისთვის კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და გამგეობები მზად არიან, მსგავსი პროექტები განახორციელონ.

„ყველა იმ ოჯახსა და ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან ანალოგიური პროქტი განხორციელდეს, მუნიციპალიტეტი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები და რაიონული გამგეობები მზად არიან, თქვენი ჩართულობითა და თანამონაწილეობით, განახორციელონ ამ ტიპის სამუშაოები. მოსახლეობა თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პროექტი განხორციელდეს უსახური ნაგებობების ადგილზე - სპორტული მოედნები, თუ რეკრეაციული სივრცეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

✕