დედაქალაქსა და შემოგარენში გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება - თბილისის მერია

გზების გაწმენდა

ბოლო ორი დღის განმავლობაში უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება და იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზები.

მერიის ცნობით, ქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას 24-საათიან რეჟიმში მონიტორინგს უწევენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, რაიონების გამგებლები და შესაბამისი სამსახურების უფროსები.

„26 თებერვლის საღამოდან მოყოლებული საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. გზები თოვლისგან სპეცმანქანებით უწყვეტ რეჟიმში იწმინდება, ხდება გარე განათების, ელექტროენერგიის დაზიანებული ქსელის, კაბელების აღდგენა, თოვლისგან მოტეხილი ხეებისა და ტოტების დამუშავება-გატანა. სრულად მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, „თბილსერვის ჯგუფი“, „ეკოსერვის ჯგუფი“, რაიონული გამგეობები“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.