ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს, როგორ უნდა გავატაროთ წლის მთავარი ბედობა, რომ წარმატება მოვიზიდოთ
„ბედობა უხსოვარი დროიდან მოდის, არ არის რელიგიური მნიშვნელობის დღე. წარმართულია, მაგრამ კავშირშია იმასთან, რომ თუ ამ დღეს ჩვენ ვიქნებით ბედნიერები, პოზიტიურ აზრებს, ემოციებს გავათავისუფლებთ, წელი ბედნიერი გვექნება. დღევანდელი დღე სიტკბოების მომზადებასთანაა ასოცირებული და სწორედ ამ დღეს თხილით, ნიგვზით მომზადებულ გოზინაყს ერთმანეთს ჩაფიქრებული სურვილებით უნაწილებდნენ. ოჯახის წევრები ამით ერთმანეთის გულს მოიგებდნენ ხოლმე. ამბობენ, რომ ჩხუბი, კამათი არ შეიძლება. არ შეიძლება, სახლიდან გავიდეს თანხა გასესხებით. ასევე, არ შეიძლება, ვისესხოთ იმიტომ, რომ ესეც წარუმატებლობის მომტანია. რისი დაბედებაც გვინდა, სიმბოლურად ხდება.
მაგალითად, თუ წელს ფინანსური რესურსი გჭირდებათ, იღებთ ნებისმიერ კუპიურას, თუნდაც იმას, რომელიც საფულეში დევს, შემოაგდებთ ზღურბლზე. არ არის აუცილებელი, შემოსასვლელი კარი იყოს. ოთახიდან ოთახში შემავალ კარზეც შეგიძლიათ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, აირჩიოთ, ქაღალდის, ან რკინის ფული. შესაძლოა, ორივე ერთად გამოიყენოთ. შემდეგ ეს ფული უნდა აიღოთ, სიხარული გამოხატოთ, თითქოს, ახალი ნაპოვნია. მთავარი სიმბოლიკაა. სიტკბოებასაც ამიტომ ისვრიან, ბეჭედსაც ისვრიან, შემდეგ იკეთებენ და ამბობენ- ,,ამ წელს მე დავოჯახდები.“ შეიძლება კოსტიუმი შევაგდოთ ახალი სამსახურისთვის, ან მაგალითად ავტომობილის გასაღები და ჩავიფიქროთ, რომელი ავტომობილი გვინდა. გასაღები ვისროლოთ, რომ გზები გაგვეხსნას. ან კიდევ ჩავიფიქროთ, რომ წელს ოცნების ბინას შევიძენთ.
ჯანმრთელობის პრობლემის დროს შემდეგ რაღაცას აკეთებენ: სვამენ წყალს ყლუპ-ყლუპობით და ჯანმრთელობას ჩაიფიქრებენ. წყლის მიღების დროს მთელ ორგანიზმს ვეუბნებით, რომ ჯანმრთელობა გვინდა. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე ასე აკეთებდნენ, თუ გარეთ წყალი იქნებოდა, მდინარის, თოვლის, წვიმის, ამ წყლით მტკივან ადგილს იბანდნენ და ფიქრობდნენ, რომ ბუნება ცუდს წაიღებდა. დღეს კოსმოსის ენერგია გახსნილია, შეგვიძლია ხელები ცისკენ აღვაპყროთ და სურვილი ჩავიფიქროთ.
კარიერის თვალსაზრისით, ვიღაცამ შეიძლება ზღურბლზე კალამი გადააგდოს, რომ 2026 წელს ხელი ახალ კონტრაქტს მოაწეროს. ვიღაცამ შეიძლება, გასაღები გადააგდოს, თუ უნდა, რომ ბიზნესში წარმატება ნახოს. სიმბოლურად ყველაფერი შეიძლება.
სიტკბოსთან ერთად, საკუთარ სახლში ფეხის შედგმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვებს უშვებენ ხოლმე, მაგრამ სახლში უნდა შევიდეს უფროსი, გამოცდილი ადამიანი. გამოვდივართ სახლიდან, თან გამოგვაქვს ტკბილეული, ფული, შევდივართ და თუ ჩვენს ახლობლებს ისევ სძინავთ, შეგვიძლია, პირდაპირ საწოლშივე მივუტანოთ, რათა გაღვიძებისთანავე ბედნიერება მათთან მივიდეს. სამყაროს ჩვენი ესმის, თუ ჩვენ ამის გვჯერა.