Exclusive ზუკამ მეგობრებისგან ბენდი შექმნა - „მეგონა, მოვასწრებდი და გიოს ჩემი სიმღერით გავახარებდი“

15:55 06-12-2019
18

ზუკა ხუციშვილმა მეგობრებისგან ბენდი დააკომპლექტა. გიოს სულ უნდოდა ზუკას ემღერა. უმცროს ხუციშვილს პაუზა გაუგრძელდა და ახლა ამაზე ცოტათი ნანობს. 1 მაისს 28 წლის გახდა, 11 ივნისს კი გიოს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. „ახლობლის ამ ქვეყნიდან წასვლა ყოველთვის ნაადრევია. მეგონა, მოვასწრებდი და ჩემი სიმღერით გიოს გავახარებდი. ვერ მოვასწარი. მჯერა, რომ ძალიან უხარია“ – „პრაიმტაიმს“ უყვება ზუკა.

width=600

ზუკას ახალი ბენდის სახელი პრეზენტაციაზე დაიბადება. 14 ივნისს სასტუმრო „ადამოში“ დამსწრე პუბლიკა ნაცნობ-უცნობი სიმღერებით დატკბება. გიოს ძველი სიმღერების „დრო გადის“, „ჩიორა“ ახლებური ინტერპრეტაციები ბენდს ეკუთვნის. მსმენელის წინაშე ათი სიმღერით წარდგებიან. დაგეგმილია კონცერტები თბილსსა და ბათუმში. 

გაგაცნობთ ბენდს - სოლო გიტარა დათო ლონდარიძე, კლავიში ლევან ჩხაიძე, დრამი რეზი ედგარიძე, ბასი გიო ჭაუჭიძე, ბექ ვოკალი ანანო ღიბრაძე, ვოკალი ზუკა ხუციშვილი. 

მაია ჯორჯაძე, ზუკას დედა: - რეპეტიციებს სულ ვესწრები და რაც მომწონს არის ის, რომ სულ კამათობენ. ინერტულად არ უკრავენ, თავისი აზრი აქვს ყველას და ბოლოს ერთ აზრამდე მიდიან. ერთად აკეთებენ არანჟირებებს. კარგი მუსიკოსები არიან. მოვიდა დრო, რომ ზუკას ბენდით ასე ცოცხლად ემღერა. სულ გიოს თვალით ვუყურებ და მისი ყურით ვუსმენ. ძალიან გაუხარდებოდა ზუკას სიახლე. დანარჩენი პრეზენტაციაზე შეაფასეთ. 

width=600

ზუკა ხუციშვილი: - ვცდილობთ ხარისხიანი მუსიკა შევქმნათ. ბენდში მეგობრები შემოვიკრიბე, ყოველდღიური რეპეტიციები კიდევ უფრო გვაახლოვებს. ძველის ახლებური ინტერპრეტაცია, ახალი სიმღერები... ბევრი ვიშრომეთ. ცოტას ვნერვიულობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგად ჩაივლის ყველაფერი. უნიჭიერესი ხალხია და  ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მიდგანან. ხუმრობა-ხუმრობით წინ მივდივართ. უკეთესის მისაღწევად მაქსიმუმს ვდებთ. საბოლოოდ, ვისი იდეაც უკეთესია, იმას ვიყენებთ. 

- გიო რას გეტყოდა?

- უყვარდა, რომ ვმღეროდი და უნდოდა რამე კარგი გამეკეთებინა. ვერ მოვასწარი იმ დროს, როცა ჩემ გვერდით იყო. მეგონა, წინ დიდი დრო გვქონდა, მასაც ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. მინდოდა, ჩემით ეამაყა. ახლა ვცდილობ, ხარისხიანად ვაკეთო ეს საქმე. ვფიქრობ, ამაყობს. 

width=600

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე