სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
1754040595
წყლის დეფიციტი მზარდი გლობალური პრობლემაა, რომელსაც როგორც ადამიანური, ასევე გარემო ფაქტორებიც განაპირობებს. კლიმატის ცვლილება უფრო ხშირ და ინტენსიურ გვალვებს იწვევს, მსოფლიო მოსახლეობის ზრდა კი, თავისთავად, წყალზე მოთხოვნას ზრდის.
ორგანიზაცია Mercy Corps-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქაბული შეიძლება პირველი თანამედროვე დედაქალაქი გახდეს, რომელშიც წყალი ამოიწურება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს: კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების არაეფექტიანად მართვა, სწრაფი ურბანიზაცია და მოსახლეობის რაოდენობის მასშტაბური ზრდა — ამჟამად ავღანეთის დედაქალაქში 5-იდან 6 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
ნაშრომში ვკითხულობთ, რომ წყლის კრიზისი ქაბულში უკიდურეს ნიშნულს აღწევს. ნიადაგის წყლოვანი ფენები იმაზე გაცილებით სწრაფად შრება, ვიდრე მათი შევსებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ქაბულში წყლის ხელმისაწვდომობასთან, დაბინძურებასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემებიცაა.
ივნისში ქაბულის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა The Guardian-თან საუბრისას განაცხადა, რომ ხარისხიანი ჭის წყალი ქალაქში ხელმისაწვდომი აღარაა. უკმაყოფილებას სხვა მაცხოვრებლებიც გამოთქვამენ. ქაბულის კიდევ ერთმა მოსახლემ გასულ კვირას CNN-ს უთხრა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მისი ოჯახი შეიძლება ვერც კი გადარჩეს.
ქაბულს წყლის პრობლემა პირველად არ აქვს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ავღანეთის დედაქალაქში ამ მხრივ სიტუაცია სულ უფრო მეტად მწვავდება. მეორე მხრივ, ეს პრობლემა საგრძნობლად 2021 წლის აგვისტოში გაუარესდა, როდესაც ავღანეთს ჰუმანიტარული დაფინანსება შეუმცირდა. მოხსენების ბოლოს ვკითხულობთ, რომ მკვეთრი ცვლილებების გარეშე ქაბულს უპრეცედენტო კატასტროფა ელის, რაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ან უფრო ადრე დადგება.
Mercy Corps-ის კვლევის შედეგებს გაეროს ადრინდელი ანგარიშიც ადასტურებს. მის თანახმად, ქაბულის მიწისქვეშა წყლები შეიძლება 2030 წლისთვის უკვე ამოწურული იყოს. დედაქალაქის ჭაბურღილების ნახევარზე მეტი უკვე გამომშრალია. ნიადაგის წყლოვანი ფენების დონემ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 30 მეტრით იკლო, ზოგი ოჯახი კი შემოსავლის 30%-ს წყალზე ხარჯავს.
2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, წყლის დეფიციტი გლობალურად მე-20 საუკუნეში საგრძნობლად გამწვავდა, დღეს კი ეს პრობლემა მსოფლიოს ნახევარზე მეტს აქვს. ქაბულის გარდა ყველაზე მწვავედ ეს საკითხი ჩრდილოეთ აფრიკაში დგას ისევე, როგორც შუა და სამხრეთ აზიაში.
წყლის დეფიციტს სერიოზული სოციალური და ეკონომიკური ზარალის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყლის რესურსების სწორი მართვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია... სრულად