ცვლილება სესხების გაცემაზე, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, 750 ათასამდე სესხს, ლარის გარდა, სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ.

ცვლილება 2025 წლის პირველი აგვისტოდან შევა ძალაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, დოლარიზაცია კვლავ საქართველოს ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ამიტომ, ეროვნული ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, რათა ქვეყანაში დოლარიზაციის დონე შემცირდეს.

„დოლარიზაცია რჩება ჩვენი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ახლა სესხებში უცხოური ვალუტის წილი არის დაახლოებით 43%, ხოლო ანაბრებში 50%. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და გლობალურად. ამიტომ, ამ რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მუდმივად დგამს დედოლარიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. ჩვენ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის დაკრედიტების ზღვარი 200 000-დან, ეტაპობრივად ავწიეთ 500 000 ლარამდე და ახლა უკვე პირველი აგვისტოდან ეს ზღვარი 750 000 ლარი გახდება. მისი ძირითადი რაციონალი იყო ის, რომ გრძელვადიან პერიოდში, ზოგადად, თუ დოლარიზაციას აქვს შემცირების ტენდენცია, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს ტენდენცია გარკვეულწილად შენელდა. ამიტომ, ეროვნული ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ლარიზაციას და სწორედ ამ მიზნით გადაიდგა ეს ნაბიჯები. დაახლოებით ამ სეგმენტში, 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიცემა წლის განმავლობაში 1000 სესხი, დაახლოებით 150 მლნ დოლარის ეკვივალენტი. სწორედ ამ სეგმენტს შეეხება და საშუალებას მოგვცემს, გრძელვადიან პერიოდში დედოლარიზაცია დავაბრუნოთ მის ტენდენციაზე, ჰქონდეს შემცირების ხასიათი. ბუნებრივია, მიმდინარე დონე კვლავ საკმაოდ მაღალია და ველოდებით, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად წლის ბოლოს სესხებში დოლარიზაცია შეიძლება, 40 პროცენტს დაუახლოვდეს და მომდევნო წლებში გააგრძელოს შემცირება. დედოლარიზაცია არის ეროვნული ბანკის გრძელვადიანი მიზანი.

ჩვენ დავაკვირდებით ტენდენციებს, დავინახეთ საჭიროება, რომ კვლავ დამატებითი ნაბიჯები არის გადასადგმელი, ამ ნაბიჯებსაც გადავდგამთ, რათა, ზოგადად, დოლარიზაციის დონე ქვეყანაში შემცირდეს. ვფიქრობთ, 750 000 ლარი ახლა არის ადეკვატური ზღვარი, რათა დედოლარიზაცია გაგრძელდეს და მას შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს. ბუნებრივია, თუ დავაკვირდით, რომ ეს რისკები არ მცირდება, პირიქით, ვთქვათ გარკვეული ფაქტორების გამო რისკები მზარდია, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი, როგორც გასულ წლებში, კვლავ დამატებით ნაბიჯებსაც გადადგამს. ამ ეტაპზე რთულია თქმა, ეს რა ინსტრუმენტი იქნება, შეიძლება იყოს იგივე ინსტრუმენტში ზღვრის ზრდა ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენება. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ეროვნული ბანკი ამას დააკვირდება და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.

კითხვაზე, რამ განაპირობა დოლარიზაციის შემცირების კლების ტენდენცია, დავით უტიაშვილი განმარტავს, რომ 2022 წლიდან ქვეყანას უცხოურ ვალუტაში ჰქონდა შემოდინება.

„ამის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ 2022 წლიდან გვქონდა საგარეო შემოდინება უცხოურ ვალუტაში და ეს თანხები ანაბრებზე დაგროვდა. ბუნებრივია, ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ბანკებში განთავსდა და ეროვნულმა ბანკმაც, ამის საპასუხოდ, გარკვეული ინსტრუმენტი აამოქმედა, თუმცა ეს თანხები იყო ანაბრებზე. გარკვეული მოტივაციაა საბანკო სექტორისთვის, რომ ეს თანხები სესხადაც გაეცა. ამიტომ, გარკვეულწილად შეიძლება ეს ხსნიდეს იმას, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება გაგრძელდა და დედოლარიზაციის ტემპს შენელების ხასიათი ჰქონდა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დავით უტიაშვილმა.