სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
1754040595
წარმოიდგინეთ, დანაშაული რომ ჩაიდინოთ და კანონთან დაკავშირებული რჩევისთვის ChatGPT-ს მიმართოთ — დეტალებსა და მტკიცებულებებს გაუზიარებთ, ჩატბოტთან ეს მიმოწერა კი შეიძლება სასამართლოში თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.
სემ ალტმანმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტა ხნის წინ თეო ვონის პოდკასტში ისაუბრა და კონფიდენციალურობის საფრთხეებსაც გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, მსგავს თემებზე ჩატბოტთან საუბარი დიდი შეცდომაა, რადგან ადვოკატთან კომუნიკაციისგან განსხვავებით კონფიდენციალურობას ამ შემთხვევაში კანონი არ იცავს.
ალტმანის თქმით, თუკი სასამართლო მოითხოვს, OpenAI ვალდებული იქნება, მას თქვენი ჩატი მიაწოდოს.
"თუკი ახლა ფსიქოთერაპევტს, ადვოკატს ან ექიმს ესაუბრებით, იურიდიული პრივილეგია გაქვთ. ამ შემთხვევაში ექიმისა და პაციენტის კონფიდენციალურობა არსებობს. ეს კანონით დაცული კონფიდენციალურობაა. ChatGPT-სთან საუბრის შემთხვევაში ეს საკითხი ჯერჯერობით არ მოგვიგვარებია", — თქვა ალტმანმა.
საკითხს ჯესი ბანდი, იურიდიული ფირმის Creative Counsel ადვოკატი, გამოეხმაურა. მისი თქმით, თავად და სხვა ადვოკატები "წელზე მეტია" აფრთხილებენ ხალხს, რომ იურიდიული მიზნებისთვის ChatGPT-ს გამოყენებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს.
"თუკი ჩატბოტს კონტრაქტებს აწვდით, იურიდიულ კითხვებს უსვამთ ანდა სტრატეგიას სთხოვთ, რეალურად იურიდიულ რჩევებს არ იღებთ", — დაწერა იურისტმა X-ზე — "ამ დროს მტკიცებულებებს ქმნით, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელი იქნება. არანაირი ადვოკატი-კლიენტის პრივილეგია არ გაქვთ, არანაირი კონფიდენციალურობა, არანაირი ეთიკური ვალდებულება, ვერავინ დაგიცავთ".
მისი თქმით, ჩატბოტთან საუბარი პირადი, უსაფრთხო და მოსახერხებელი შეიძლება ჩანდეს, თუმცა ჩვენი დაცვა ადვოკატებს ევალებათ და არა ChatGPT-ს. მეტიც, ეს ჩატბოტი შეიძლება ჩვენ წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული.
ბანდის საპასუხოდ განსხვავებული მოსაზრებებიც გაჩნდა. მალტე ლანდვერმა, AI-ს მიმართულებით მომუშავე სპეციალისტმა, დაწერა: "ვფიქრობ, ორივეა, არა? სამართლებრივ რჩევასაც იღებ და მტკიცებულებებსაც ქმნი, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს".
იურისტი ამ მხრივ ChatGPT-ს "მომსახურებას" სამართლებრივ რჩევას მაინც არ უწოდებს და ამას შემდეგნაირად ასაბუთებს:
"სამართლებრივ რჩევას ლიცენზირებული პროფესიონალი გასცემს, რომელსაც თქვენი კონკრეტული ფაქტები, მიზნები, რისკები და იურისდიქცია ესმის. იგი ამაზე პასუხისმგებელიცაა", — განმარტავს ბანდი — "ChatGPT ენობრივი მოდელია. იგი ისეთ სიტყვებს აგენერირებს, რომლებიც კანონზომიერებების საფუძველზე სწორი ჩანს, თუმცა არ იცის თქვენი სიტუაცია და არც იმაზე აგებს პასუხს, თუ შეცდება".
ცნობისთვის, OpenAI-ს ამჟამად სასამართლო დავა აქვს The New York Times-თან. კომპანია ცდილობს, ამ გაზეთსა და სხვა მოსარჩელეებს საშუალება არ მისცეს, მომხმარებელთა ჩატები მოიპოვონ — მათ შორის უკვე წაშლილი ჩატებიც. ალტმანის თქმით, სანამ სასამართლო საპირისპიროს არ გადაწყვეტს, კანონიერად ამ საუბრების მოთხოვნა შესაძლებელია.
წინასწარ ვერავინ ვიტყვით, როგორ შეძლებს OpenAI ჩვენი მონაცემების დაცვას, თუმცა ერთი რამის გათვალისწინება მაინც შეგიძლიათ: ChatGPT-ს ყველაფერზე ნუ დაელაპარაკებით. წყარო