რამდენად რთული იქნება კოსმოსში ბავშვის გაჩენა? — პოტენციური რისკები

კოსმოსში ბავშვის გაჩენა

კაცობრიობას უკვე აქვს გეგმები, რომ მარსზე დასახლდეს და იქ კოლონია შექმნას. ეს პლანეტათაშორის ფრენებსა და საცხოვრებელი გარემოს რადიკალურად შეცვლას გულისხმობს, ამიტომ საინტერესოა, რამდენად შევძლებთ ამგვარ პირობებში გამრავლებას?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ისედაც საკმაოდ რთული პროცესია. მაგალითად, ემბრიონების დაახლოებით 2/3 განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზევე კვდება. ამის მიზეზი ზოგჯერ ისაა, რომ ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე ვერ მაგრდება ან უბრალოდ ჩამოყალიბებას წყვეტს. ახლა კი წარმოიდგინეთ კოსმოსი, რომელიც ამ ყველაფერს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევას დაუმატებს. გამოცემა Experimental Physiology-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში სწორედ ეს საკითხია განხილული.

უნდა ვიცოდეთ, რომ ორსულობა ბიოლოგიური მექანიზმების წყებას აერთიანებს, რომლებიც ზუსტი თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს. დედამიწაზე ამის მიხედვით წარმატების პროგნოზირება შედარებით მარტივია, რადგან ბიოლოგიური მოდელები აქაურ გარემოს ერგება. კოსმოსში მოგზაურობისას საქმე უკვე მიკროგრავიტაციასთან და თითქმის უწონადო მდგომარეობასთან გვაქვს, რაც განაყოფიერებაზე მეტად მშობიარობას გაართულებს. ამის მიუხედავად, გრავიტაცია, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებ პრობლემას შექმნის.

ის, რაზეც უფრო მეტად უნდა ვიდარდოთ, რადიაციაა. პლანეტის მიღმა დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტოსფერო აღარ გვიცავს, ამიტომ იქ კოსმოსური გამოსხივება გვემუქრება. ესაა ძალიან ენერგიული ნაწილაკების ნაკადი, რომელიც თითქმის სინათლის სიჩქარით გადაადგილდება. ის ისეთი ატომებისგან შედგება, რომლებშიც ელექტრონები აღარაა, ამიტომ პროტონებისა და ნეიტრონების მკვრივი ბირთვის სახითაა წარმოდგენილი. ადამიანის სხეულთან შეჯახებისას მას უჯრედების სერიოზულად დაზიანება შეუძლია.

განსაკუთრებით საშიშია, თუ ამგვარი რადიაცია დნმ-ზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს მან მუტაცია შეიძლება განიცადოს და სიმსივნის განვითარების რისკი გაზარდოს. ასევე, იმავე მიზეზით ანთებითი პროცესების გამოწვევაა შესაძლებელი, რაც იმუნური სისტემის აქტივაციას, ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანებასა და, პოტენციურად, ორგანოების ფუნქციების შეფერხებას გულისხმობს.

ორსულობის პირველ რამდენიმე კვირაში ემბრიონის უჯრედები აქტიურად იყოფა, მოძრაობს და ქსოვილებსა თუ საჭირო ბიოლოგიურ სტრუქტურებს წარმოქმნის. ყველაზე მოწყვლადი ის ჩასახვიდან ერთი თვის განმავლობაშია, ანუ კოსმოსურ სხივთან ერთი შეხებაც კი ლეტალურად შეიძლება დასრულდეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამის შანსი მაინც მცირეა, ვინაიდან ჩანასახი ძალიან პატარაა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხივმა მაინცდამაინც მასში გაიაროს. თუ ასე მოხდება, ამას მუცლის მოშლა მოჰყვება.

დედისა და ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაკავშირების შემდეგ ემბრიონი უკვე სწრაფად იზრდება, ანუ კოსმოსურ გამოსხივებასთან შემხებლობის რისკიც იმატებს. თუკი ამგვარი ნაკადი საშვილოსნოს კუნთს შეეჯახება, ნაადრევი მშობიარობაა მოსალოდნელი. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვის გადარჩენას გაართულებს, განსაკუთრებით კი კოსმოსში.

რისკები ბავშვის გაჩენის შემდეგაც არ მცირდება. ჩვილს მიკროგრავიტაციაში მოუწევს გაზრდა, რაც მის რეფლექსებსა და კოორდინაციის უნარზე იქონიებს გავლენას. სწორედ ამ უნარების მეშვეობით სწავლობენ პატარები თავის მაღლა აწევას, დაჯდომას, ხოხვას და, საბოლოოდ, სიარულს. ეს ყველა მოძრაობა გრავიტაციაზეა დამოკიდებული. თუკი მათთვის "მაღლა" და "დაბლა" არ იარსებებს, ამ პროცესს სრულიად სხვაგვარად გაივლიან.

ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვების ტვინი განვითარებას დაბადების შემდეგაც განაგრძობს, ამიტომ გამოსხივების ქვეშ დიდხანს ყოფნა მათზე უარყოფითად იმოქმედებს. მაგალითად, შესაძლებელია კოგნიტიური, მეხსიერების, ქცევის ან ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა წარმოიქმნას.

ასე რომ, კოსმოსში ბავშვის გაჩენა შეიძლება, მაგრამ ეს ბევრ გამოწევას უკავშირდება, რომლებისთვისაც ჯერ მზად არ ვართ.