ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმე გადაკვალიფიცირდა - ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს

ლევან ჯანგველაძე

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის საქმე გადაკვალიფიცირდა — საქმე ახლა განიხილება როგორც განზრახ მკვლელობა შეკვეთით და ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში.

ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ოჯახის უფლება დამცველი, ტარიელ კაკაბაძე საუბრობს. 

„საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზეა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობა არასწორი მუხლით. ვთხოვდით მუხლის დამძიმებას და გადაკვალიფიცირებას. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და ბრალდებულს საკუთარი პირადი გადაწყვეტილებით ნამდვილად არ მოუკლავს ლევან ჯანგველაძე. მასთან არანაირი კონტაქტი და არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. ეს დანაშაული მან განახორციელა იმის გამო, რომ შეუკვეთეს. ჩვენ მოვახერხეთ, რომ შეიცვალა საქმის პროკურორი და ახალმა პროკურორმა ერთ-ერთი პირველი რა გააკეთა არის ის, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და კვალიფიკაცია შეუცვალა ბრალდებულს. სწორი კვალიფიკაციით, შეკვეთილი მკვლელობის მუხლით, სწორი კვალიფიკაციით გრძელდება გამოძიება. ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ველოდებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჭეშმარიტების გარკვევას.

რაც შეეხება იმ ვერსიებს რაც ჟღერდება, ყველა ვერსია საჭიროებს გადამოწმებას, ეს არის ოჯახის პოზიცია და სწორედ მტკიცებულებების შედეგად უნდა დადგინდეს რეალობა“, - ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ, თბილისში, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა მოკლეს. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, "კილერს" სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია გელა უძილაური.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ საქმეზე კიდევ ერთი პირი ს. წივწივაძე დააკავა. 

დაკავებულს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტს ედავება.