რა იწვევს განცდას, როცა, თითქოს, საკუთარი სხეულიდან გავდივართ და მას ზემოდან ვუყურებთ

ძილი

მეცნიერებმა სხეულიდან გასვლის განცდის (OBE) უცნაური ფენომენი შეისწავლეს. ამ დროს გვგონია, რომ საკუთარ სხეულს გარედან ვაკვირდებით. მათ ამ გამოცდილების მქონე ადამიანების მახასიათებლებში მსგავსებები იპოვეს.

გამოკითხვებით დადგინდა, რომ ასეთი გამოცდილება მოსახლეობის დაახლოებით 10-20%-ს ჰქონია. მიუხედავად ამისა, OBE-ს ხასიათი და გავლენა ინდივიდუალურია.

„სხეულიდან გასვლის გამოცდილება სხვადასხვაგვარად ვლინდება. თითოეული ადამიანი უნიკალურ გრძნობებსა და გარემოებებს აღწერს. ამის გამომწვევი მიზეზებიც განსხვავებულია", - წერენ კვლევის ავტორები.

მაგალითად, OBE შეიძლება, როგორც სიმშვიდის დროს (მედიტაციის ან დასვენებისას) გამოვლინდეს, ისე მძიმე სტრესის, ფიზიკური საფრთხის ან ფსიქოლოგიური ტრავმის პირობებში. ამ დროს ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ სხეულს ტოვებენ და საკუთარ თავს ზემოდან უყურებენ.

„თითქოს თვითმფრინავიდან ვიყურები. ჩემს თავს დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლიდან ვხედავ. ქვემოთ ჩემი სხეულია, მე კი მასში აღარ ვარ. ჩემი ის ნაწილი, რომელიც ზემოთაა, უცნაურია. თითქოს ჰაერივით ვარ", - აღწერს ერთ-ერთი ადამიანი. 

ადრე მეცნიერები სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ. მაგალითად, ყურის შიდა ნაწილის პრობლემებს ან ტვინის ვიზუალურ ცენტრში ელექტროდებით სტიმულაციის შედეგად გამოწვეულ ეფექტებს. სხეულის გამოსახულების წარმოსახვაში სწორედ ეს ნაწილები მონაწილეობს. შვეიცარიაში ჩატარებულ ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე OBE შემთხვევები სწორედ ასეთი სტიმულაციით გამოიწვიეს.

ახალ კვლევაში, რომელსაც დოქტორი მარინა ვაილერი ხელმძღვანელობდა, მონაწილეებად 545 სხვადასხვა წარმომავლობის ზრდასრული შეარჩიეს. მათ ჰკითხეს, ჰქონიათ თუ არა ოდესმე OBE. შემდეგ მათი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის, ცხოვრების სტილისა და ფსიქიატრიული ისტორიის დეტალები გამოიკვლიეს.

OBE-ს მქონე პირების 80-პროცენტს ასეთი შემთხვევა 1-დან 4-ჯერ ჰქონია, ხოლო 20-პროცენტს — 5 ან მეტჯერ.

-74%–ში OBE სპონტანურად განვითარდა;
-9%–ში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემდეგ;
-8.2%–ში მედიტაციის ან ვიზუალიზაციის შედეგად;
-0.7%–ში ჰიპნოზის შემდეგ.

კვლევამ აჩვენა, რომ OBE-ს მქონე პირებში დეპრესია და შფოთვა უფრო ხშირია. მათ მონაწილეებს ასევე დისოციაციის სიმპტომების ტესტი ჩაუტარეს. OBE ჯგუფში 40%-მა 20 ქულაზე მეტი მიიღო (რაც ზომიერ დისოციაციურ განცდებზე მიუთითებს), მაშინ როცა მსგავსი გამოცდილების არ მქონეებში მაჩვენებელი მხოლოდ 14% იყო. ასევე აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში ტრავმული გამოცდილების მქონე პირებში OBE უფრო ხშირია.

მიუხედავად იმისა, რომ OBE-სა და ფსიქიკურ პრობლემებს შორის კავშირი არსებობს, ავტორები აღნიშნავენ, რომ OBE, შესაძლოა, ქვეცნობიერი თავდაცვითი მექანიზმი იყოს. ის ადამიანს მძიმე რეალობისგან დროებით გაქცევაში ან საკუთარი გამოცდილების სხვაგვარად დანახვაში ეხმარება.

„ბევრი ფიქრობს, რომ OBE-ს განცდა სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს. ამიტომ ისინი არაფერს ამბობენ. სამწუხაროდ, ბევრი ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტიც ამ ფენომენს ასე აფასებს. ჩვენს კვლევაში დავინახეთ, რომ OBE-ს მქონე პირებს ზოგადად სუსტი ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ. ჩვენი მიგნება გვიჩვენებს, რომ OBE, შესაძლოა, წარსულ ტრავმებზე რეაქცია იყოს და არა ფსიქიკური აშლილობის შედეგი. ამგვარ გამოცდილებებზე უფრო ღიად უნდა ვისაუბროთ", - განმარტავს დოქტორი ვაილერი განცხადებაში.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მომავალში მეტი კვლევაა საჭირო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ უკეთ გაიგონ, რა გარემოში ვითარდება OBE. მისი გამომწვევი მიზეზები განსხვავდება. მაგალითად, ადამიანმა ის შეიძლება, სპონტანურად, მედიტაციის დროს, ფსიქოდელიური ნივთიერებების ზემოქმედებითა და სხვა შემთხვევებში გამოცადოს.