თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
უძველესი ბეჭდის განმეორებითმა ანალიზმა მკვლევრებს საშუალება მისცა ახლებურად შეეხედათ იუდეაში რომაული ადმინისტრაციის მუშაობისთვის პონტიუს პილატეს დროს. აღმოჩენაზე არსებული წარწერა, სავარაუდოდ, ნიშნავს „პილატესთვის“ ან „პილატესთან“, ხოლო თვითონ ბეჭედი შესაძლოა ეკუთვნოდა დაბალი რანგის მოხელეს, რომელიც მის ადმინისტრაციაში მუშაობდა, წერს Múlt-kor.
სპილენძის ბეჭედი ჭურჭლის გამოსახულებითა და ბერძნული წარწერით ჯერ კიდევ 1960-იან წლებში იპოვეს მთის ციხესიმაგრე იროდიონის გათხრებისას. ათწლეულების განმავლობაში არტეფაქტი საცავში ინახებოდა, სანამ მკვლევრებმა ხელახლა არ მიაქციეს მას ყურადღება.
2018 წელს ისრაელელმა მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ დაახლოებით 2000 წლის ბეჭედზე არსებული წარწერა ΠΙΛΑΤΟ შესაძლოა უკავშირდებოდეს პონტიუს პილატეს, იუდეის რომაელ პრეფექტს, რომელიც ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, ბიბლიურ ისტორიაში მოხსენიების გამო. თუმცა მოგვიანებით ეს ინტერპრეტაცია ეჭვქვეშ დადგა. 2023 წლის პუბლიკაციაში მკვლევრებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ასოებს შესაძლოა ორი ცალკეული სიტყვა შეედგინა.
ახალი გამოკვლევა, რომელიც ჟურნალ Palestine Exploration Quarterly-ში გამოქვეყნდა, პირვანდელ ვერსიას უბრუნდება. ნაშრომის ავტორი ბონეშო ამტკიცებს, რომ წარწერა განხილული უნდა იქნეს, როგორც ლათინური სიტყვის, Pilato-ს ბერძნული ტრანსლიტერაცია.
მისი თქმით, ლათინური ფორმა შეიძლება ნიშნავდეს „პილატესთან“ ან „პილატესთვის“. ამავდროულად, წარწერას აქვს გარკვეული ორთოგრაფიული თავისებურება: ბოლოში ბერძნული ასო ომეგას ნაცვლად გამოყენებულია ომიკრონი.
მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს აუცილებლად არ მოწმობს წარწერის მცდარ წაკითხვას. მსგავსი უზუსტობები შესაძლოა წარმოქმნილიყო იმის გამო, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ლათინურის მხოლოდ საბაზისო ცოდნა ჰქონდათ. ლათინური და ბერძნული ასოების ვიზუალურ მსგავსებას შესაძლოა შეცდომა გამოეწვია ბეჭდის დამზადებისას. ზოგიერთი ასოს უჩვეულო განლაგებასაც აქვს განმარტება -
მკვლევრის თქმით, ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ლითონის დეფექტებითა და ბეჭდის ზედაპირზე შეზღუდული სივრცით.
არანაკლებ საინტერესოა თვითონ არტეფაქტის ხარისხი. ბეჭედი დამზადებულია სპილენძის შენადნობისგან, ხოლო ასეთ სამკაულებს რომაულ ეპოქაში, როგორც წესი, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, ჯარისკაცები და დაბალი რანგის მოხელეები ატარებდნენ.
სამაგიეროდ, შეძლებული რომაელი მოხელეები სარგებლობდნენ უფრო ძვირად ღირებული ბეჭდებით, ოქროსი ან ძვირფასი ქვებით შემკულით.
ბეჭედზე ასევე გამოსახულია ჭურჭელი, რაც პირველი საუკუნის იუდეაში ტიპურ ებრაულ მოტივს წარმოადგენდა.
ამ თავისებურებების გათვალისწინებით, მკვლევარი ვარაუდობს, რომ მფლობელი შეიძლება ყოფილიყო მონა ან გათავისუფლებული მონა (ყოფილი მონა), რომელიც რომაულ ადმინისტრაციაში მუშაობდა. მას ბეჭედი შეიძლებოდა გამოეყენებინა იმ დოკუმენტების დადასტურება/დამოწმებისთვის, რომლებიც პონტიუს პილატეს გადაეცემოდა.
თუ ეს ინტერპრეტაცია სწორია, აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ არა მხოლოდ თვითონ პილატეს ცხოვრებას, არამედ მისი ადმინისტრაციის ყოველდღიურ საქმიანობასაც. პონტიუს პილატე იუდეას მართავდა დაახლოებით ახ. წ. 26-დან 36 წლამდე, პერიოდში, როდესაც პროვინციის რომაული მართვის სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდებოდა. ახალმა კვლევა მიუთითებს, რომ ამ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ არა მხოლოდ რომაელი მოქალაქეები, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლები და უფრო დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებიც.